ტყიბულის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებისთვის მზის ელექტრო სადგურები დაიდგმება. მიღებული ელექტრო ენერგია მკვეთრად შეამცირებს საბავშვო ბაღებისთვის ელექტრო ენერგიის გადასახადს. მზის ელექტრო სადგურები ტყიბულის N6 და ახალსოფლის საბავშვო ბაღებზე განთავსდება. ორივე სადგურიდან მიღებული ელექტრო ენერგია „ენერგო პროსთან“ თანამშრომლობით მუნიციპალიტეტში არსებული ყველა საბავშვო ბაღისთვის განაწილდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პოლონური ორგანიზაცია „სოლიდარობის ფონდი პლ საქართველოს“ წარმომადგენლებმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის ფუნქციური პროგრამა: ფოტოელექტრონული სისტემების პროექტირება და დამონტაჟება, შემდგომი სერვისით ტყიბულის მუნიციპალიტეტში, პრეზენტაცია გამართა.
შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტის მერთან დავით ჩერქეზიშვილთან პროექტის მნიშვნელობაზე, მის ეფექტურობასა და მუნიციპალიტეტის მხრიდან ჩართულობის საჭიროებაზე ისაუბრეს. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერიის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების და პარტნიორი ორგანიზაცია, ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოლიდარობის ფონდის ექსპერტებმა, პროექტის ფარგლებში ტყიბულში მეორე სამუშაო შეხვედრა „სათემო ენერგეტიკული გაერთიანების“ სამუშაო ჯგუფის წევრებთან და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსათა და ბიუჯეტირების სპეციალისტებთან გამართა, ელექტრო ენერგიის მოხმარების და მონიტორინგის თემაზე. სემინარზე განიხილეს საბავშვო ბაღებში ახლად დაყენებული ე.წ. ჭკვიანი მრიცხველებიდან აღებეული მონაცემები, წარმოდგენილი იქნა ენერგიის მიმწოდებელ „ენერგო პროსთან“ დანაზოგის ანგარიშსწორების პროცედურა. ისაუბრეს მომდევნო წლებში ბიუჯეტის დაზოგვის საკითხზე და მუნიციპალიტეტის მერისა და მერიისათვის რეკომენდაციების შემუშავებაში ადგილობრივი წარმომადგენლების ჩართვის საკითხებზე.
სოლიდარობის ფონდი- პროექტი – “საბავშვო ბაღების მუნიციპალური ასოციაცია, როგორც სათემო ენერგეტიკული გაერთიანების (Community Solar Co-operative) მაგალითი”, დაბალი ბიუჯეტის შემოსავლების მქონე 10 ადგილობრივ თვითმართველობათა შორის ტყიბულის მუნიციპალიტეტი შეირჩა, რომელიც დაინტერესდა მუნიციპალიტეტში განლაგებული ყველა საბავშვო ბაღში ენერგეტიკული საზოგადოების შექმნით და დააკმაყოფილა პროექტის კრიტერიუმები.ადგილობრივ თემში განვითარდება ენერგოეფექტური პრაქტიკის დანერგვისა და განხორციელების უნარი, რაც ადგილობრივი რესურსების უფრო ეფექტური მართვის საშუალებას იძლევა. პრაქტიკა გვიჩვენებს, თუ როგორ უწყობს ხელს დაყენებული გადაწყვეტების შესრულება გარემოს მდგრადობას, ასევე გაზომვად ზემოქმედებას ემისიების შემცირების მხრივ და თემისათვის ჯანსაღი ეკოსისტემის შენარჩუნებას.“
პროექტის ფარგლებში სოლიდარობის ფონდისგან ტყიბულის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღს აღსაზრდელებისთვის ინტერაქტიულ-შემეცნებითი სათამაშო გადაეცა, რომლითაც ბავშვები მათთვის გასაგებ ენაზე ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საკითხებს შეისწავლიან.
პროექტი – “საბავშვო ბაღების მუნიციპალური ასოციაცია, როგორც სათემო ენერგეტიკული გაერთიანების (Community Solar Co-operative) მაგალითი” ტყიბულის მუნიციპალიტეტში პოლონური ორგანიზაცია „სოლიდარობის ფონდი პლ საქართველოს“ მიერ ხორციელდება, ტყიბულის მუნიციპალიტეტთან და ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით.
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.
პუბლიკაციის შენაარსი გამოხატავს მხოლოდ ავტორის შეხედულებებს და არ შეიძლება გაიგივებულ იქნას პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პოზიციასთან.