უკვე ხშირია ისეთი ოჯახები, რომელთაც სოციალური დახმარება მოეხსნათ. მსგავსი პრობლემების მქონე ოჯახები ჩვენს მუნიციპალიტეტშიც არიან. სოციალური დახმარების აღდგენის მოთხოვნით გურნის მცხოვრებლებმა შესაბამის სამსახურს განცხადებით რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მათი მდგომარეობა ცოტა ხნის წინ ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პირადად ნახა.
გაბადაძეების ოჯახი ერთ-ერთია გურნის მცხოვრებლებს შორის, რომელსაც ცოტა ხნის წინ სოციალური დახმარება მოუხსნეს.ოჯახის უფროსი ავადაა და ამის გამო ის შრომისუუნაროა. არც მისი მეუღლე მუშაობს და საპენსიო ასაკიც არ აქვთ, ამიტომ მათ არანაირი შემოსავლის წყარო გააჩნიათ. ოჯახის დიასახლისის თქმით, უსახსრობის გამო ისინი ინვალიდობის პენსიისთვის საჭირო საბუთების შეგროვებასაც ვერ ახერხებენ. ოჯახი წლებია ხის სახლში და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობს.
სოციალური დახმარება მიმდინარე თვიდან შეუწყდა მარია გაბადაძის ოჯახსაც. ქვრივ ქალბატონს ერთი ვაჟი ეპილეფსიით ჰყავს დაავადებული და თავის სარჩენად მხოლოდ საკუთარი და შვილის პენსია გააჩნია. ავადაა შვილიშვილი და რძალიც. ამას ისიც ემატება, რომ საკმაოდ მრავალრიცხოვანი ხელმოკლე ოჯახი დიდი ხანია ავარიულ სახლში ცხოვრობს.
მელიკო გოტიაშვილი მარტოხელა, ხელმოკლე ქალბატონია, თუმცა უკვე ორი წელია სოციალურ დახმარებას აღარ იღებს. შვილმკვდარი ქალბატონის შემოსავალი მხოლოდ პენსიაა. მან სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა უშედეგოდ. როგორც თვითონ ამბობს, უკვე წლებია ოჯახს მატერიალური არაფერი შემატებია, მაგრამ დახმარების დასანიშნად ქულების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო.
სოციალური დახმარება ვერ მიიღო გურნაში მცხოვრებმა კიდევ ერთმა მარტოხელა ქალბატონმა. გულნარა გელაძემ აღნიშნულ საკითხზე განცხადება სამჯერ დაწერა, თუმცა ქულების რაოდენობა იმდენად მაღალია, რომ სოციალური დახმარება არ დაენიშნა. მას არც პენსია აქვს და თავის რჩენა საკუთარი მწირი მეურნეობით უწევს.
ოჯახებისათვის სოციალური დახმარების აღდგენის მოთხოვნით შუამდგომლობის წერილით გურნის რწმუნებულმა ზვიად კაკუშაძემ შესაბამის სამსახურს არაერთხელ მიმართა, თუმცა აღნიშნული დახმარება, იმ მრავალრიცხოვანი განცხადებებიდან, მხოლოდ ორს აღუდგა.
თეონა ჯანელიძე
http://www.youtube.com/watch?v=hf0kSo6g_Cs