საქართველოს პარლამენტში გამოცხადებული ორკვირიანი არდადეგები ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს დაუთმო. მან სოფლის მოსახლეობის პრობლემების გასაგებად და “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის მხარდასაჭერად შეხვედრები სოფელ ორპირის, მანდიკორის, ნაბოსლევისა და ცუცხვათის მოსახლეობასთან გამართა. შეხვედრებზე დეპუტატმა მოსახლეობას ხელისუფლების დაპირებების შესრულებული ნაწილი გააცნო და თავისი მაჟორიტაერობის ვადაში დარჩენილი დაპირებების შესრულების პირობაც დადო.
სოფლის პროგრამები, ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვა, განათლება, უფასო სახელმძღვანელოები, სოციალური პრობლემები, გაზიფიცირება, რეგრესის პენსიები ეს იმ თემების მოკლე ჩამონათვალია რაზეც სოფლებში გამართულ შეხვედრებზე ელისო ჩაფიძემ ისაუბრა.
ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ის ადგილობრივების შეხედულებებსა და მოსაზრებებს გაეცნო და მათ კითხვებს უპასუხა.
გზა, წყალი, გაზიფიცირება და უსაფუძვლოდ მოხსნილი სოციალური დახმარება უმუშევრობასთან ერთად ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომელიც ერთნაირად აწუხებს ოთხივე სოფლის მოსახლეობას.
ცუცხვათის მოსახლეობასთან შეხვედრას დღის ბოლოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ცნობილაძე შემოუერთდა, რომელმთან ერთადაც ელისო ჩაფიძემ ცუცხვათის საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა.
ელისო ჩაფიძემ ამ კვირაში შეხვედრები გამართა გელათის, მოწამეთის, კურსების, მაღაროს, ჯვარისის, ოჯოლის მოსახლეობასთან, ის 25 ოქტომბრამდე ასევე შეხვდება დარჩენილი სოფლებისა და ქალაქის მოსახლეობას.
ელისო ჭანტურიძე