საჯარო სკოლა, რომელიც ახალ სასწავლო წელს 90-მდე მოსწავლით შეხვდა ტყიბულის ყველაზე პერსპექტიულ უბანში, ყოფილი ორჯინიკიძის, ამჟამად კი მინდელის სახელობის შახტის ტერიტორიაზე _ ბრეგაძის ქუჩაზე მდებარეობს. #7 საჯარო სკოლა დღესდღეობით სავალალო მდგომარეობაშია და მისი დახურვის შესახებ საკითხი კულუარებში არა ერთხელ გაჟღერებულა.
ამასთან ერთად წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ტყიბულის საჯარო სკოლების ნაწილში აღდგენითი ტიპის სამუშაოები ჩატარდა, რომელიც სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
პროექტზე ნახევარი მილიონი ლარი იქნა გამოყოფილი, თუმცა #7 და #2 საჯარო სკოლები სარეაბილიტაციო ნუსხიდან ამოღებული იქნა. მიზეზად განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების სააგენტოს სპეციალისტება შენობების ავარიული მდგომარობა დაასახელეს და მასალები საბოლოო ექსპერტიზისათვის შესასწავლად სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გადაუგზავნეს.
საკითხი დღესდღეობით კვლავ ღიად რჩება. შედეგად #7 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები არ განხორციელებულა (გარდა იმისა, რასაც პედაგოგები, მშობლებთან ერთად პირადი სახსრებით აკეთებდნენ) და სკოლა კვლავ გაპარტახებული იერ-სახითა და ინფრასტრუქტურით შეხვდა ახალ სასწავლო წელს.
იმის გამო, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება ორი ათეული წელია უყურადღებოდაა მიტოვებული. მოზარდების დენადობაც ამან განაპირობა და მიუხედავად სიახლოვისა უბნის მოსწავლეთა კონტიგენტის დიდი ნაწილი ზოგად განათლებას ქალაქის სხვა საჯარო სკოლებში იღებს.
ნათია მურუსიძე