ტყიბულელმა სანდისტებმა 6 და 7 ივლისს, ბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე “კუნგ ფუ სანდა”-ში მორიგ წარმატებას მიაღწიეს.
ტურნირი აჭარის თასზე გაიმართა და მას ორგანიზება აჭარის “კუნგ ფუ”-ს ფედერაციამ და საქართველოს “კუნგ ფუ”-ს ეროვნულმა ფედერაციამ გაუწია.
აჭარის თასზე მონაწილეობა ოთხი ქვეყნის: საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სპორტსმენებმა მიიღეს. სხვადასხვა წონით კატეგორიაში სულ 220 მონაწილე გამოდიოდა, როგორც ვაჟები ასევე გოგონები.
ტყიბულიდან მიწვეულნი იყვნენ: კლუბი “რატი” (ხელმძღვანელი ოლეგ ფანჩულიძე), კლუბი “სამურაი” (ხელმძღვანელი ლევან კუბლაშვილი) და სოფელ მუხურის კლუბი “გიორგი” (ხელმძღვანელი ვანო ბოჭორიშვილი).
ჩვენი ქალაქიდან, აჭარის თასზე 15 სპორტსმენი გამოდიოდა. დაძაბულ ბრძოლებში ჩვენმა წარმომადგენლებმა 5-პირველი, 3- მეორე, 5-მესამე ადგილი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
გამარჯვებულ ნაკრებს თასი გადაეცა. პრიზიორები კი სიგელებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
ელისო ჭანტურიძე