სოციალური პროგრამა, რომელიც უმწეო ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს და რომლითაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სარგებლობს, სახელმწიფოს მხრიდან დახარჯული მილიონების მიუხედავად გაუმართავია.
ეს პრობლემა ქვეყანაში დღითი-დღე უფრო რთულდება და ამის ნათელი დადასტურებაა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოჯახები, რომლებიც სიდუხჭირისა და მძიმე საცხოვრებელი პირობების მიუხედავად, სოციალურ დახმარებას მაინც ვერ ღებულობენ და უკმაყოფილებას სოციალური სამსახურის მისამართით გამოხატავენ.
შესაბამისად, რომ არა სოფლის რწმუნებულის გიორგი კირკიტაძის მონდომება და გულიხმირება, როგორმე დახმარებოდა უკვე ხსენებულ ოჯახებს, ალბათ ამ ადამიანების გაჭირვებას ვერვინ გაიგებდა.
ხშირ შემთხვევაში ისე ხდება, რომ ოჯახს, რომელსაც ძალიან უჭირს და უკიდურეს გაჭირვებაში უწევს ცხოვრება სახლში შეზღუდული უნარების მქონე ადამიანი ჰყავს მოსავლელი, თავის გატანა კი მხოლოდ ინვალიდის პენსიით უწევთ, რომელიც სახელმწიფოს მიერ მინიჭებული ჯგუფის მიხედვით ზოგჯერ 125 ლარსაც არ აღწევს და ეს თვიდან-თვემდე ოჯახის ერთადერთი შემოსავალია.
პროგრამის არასწორად შერჩეულ კრიტერიუმებთან ერთად, მოსახლეობა სოციალური აგენტების მხრიდან უხეშ მიმართვებზეც საუბრობს და კონკრეტულ ფაქტებსაც ასახელებეს, რასაც ტყიბულის სოციალური მომსახურების სააგენტოში სამსახურის უფროსიც და აგენტიც მსგავსი ფაქტების არსებობას კატეგორიულად უარყოფს.
ტყიბულის მუნიციპალიტატში ამ საკითხთზე ყურადღება მას შემდეგ გამახვილდა, რაც საქართველოს პარლამენტის წევრმა, ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ მოუწოდა, როგორც სოფლის რწმუნებულებს, ასევე მოსახლეობას, რომ მსგავსი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაცია მიეწოდოს დეპუტატის ბიუროს ან მუნიციპალიტეტის გამგეობას, რათა კონკრეტული ოჯახების პრობლემა მოგვარებული იქნას.
ელისო ჩაფიძემ ჩვენთან საუბრისას სოციალური აგენტების ქმედება დაგმო და პროგრამაზე აღნიშნა:
– “პროგრამასთან დაკავშირებით გამაჩნია შენიშვნები, არ არის კარგად დადგენილი ის კრიტერიუმები, რომლითაც ხდება ოჯახის შეფასება. ოჯახი, რომელსაც არანაირი შემოსავალი არ გააჩნია, ცხოვრობს სოფლად და მას ერთი ქათმის ან ერთი ძროხის გამო არ აძლევენ სოციალურ დახმარებას ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს საკითხები დავსვათ ჯერ მთავრობის წინაშე, ხოლო შემდეგ თუ კი არ მოჰყვება ამას ადეკვატური რეაგირება, მე პარლამენტის სხდომაზე ვაპირებ გავაკეთო ამასთან დაკავშირებით განცხადება.
მე იმედი მაქვს, რომ ამ თემებზე მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას გვექნება ძალიან საფუძვლიანი მსჯელობა და მივიღებთ ისეთ კრიტერიუმებს, რომელიც იქნება მოსახლეობის ინტერესების შესაბამისი, თუ არ მივიღებთ ბუნებრივია მოსახლეობა უკვე განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს და მომავალში უფრო კომპეტენტურ ხელისუფლებას მიანდობს თავის ბედს.”
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრის დაფიქსირება შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს ვთხოვეთ, რომელიც ტყიბულში პირველადი ჯანდაცვის ექიმებს შეხვდა. თემასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ
– “იგეგმება მთლიანად ტექნოლოგიის გადახედვა, არა მარტო ტექნოლოგიის გადახედვა, არამედ მეთოდოლოგიის გადახედვაც და კვლევის ჩატარება, თუ რა შედეგი მივიღეთ. სახელმწიფომ გადაიხადა უამრავი თანხა და ძალიან იშვიათია ამით კმაყოფილი ადამიანი. ამიტომ ჩვენ გლობალურად ვაპირებთ ამის გადახედვას, იმიტომ, რომ იმის მაგივრად ამ მასშტაბის თანხების გაცემით თუნდაც რაღაც შედეგი მიგვეღო, პირიქით უკმაყოფილების ტალღა არის, შესაბამისად ამას გადავხედავთ, მაგრამ გადახედვის შედეგები შეიძლება ყველასთვის სასიხარულო არ იყოს.”
ელისო ჭანტურიძე