საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე ცოტა ხნის წინ ტყიბულში იმყოფებოდა.
გამსახურდიას ქუჩაზე ყოფილი პროფ.სასწავლებლის ახლადგარემონტებულ შენობაში მინისტრმა ოცდააათამდე დევნილ ოჯახს ბინის გასაღები გადასცა და მათ ახალმოსახლეობა მიულოცა.
აღნიშნული ოჯახები ორი ათეული წლის განმავლობაში საკმაოდ მძიმე პირობებში საკუთარი ჭერის გარეშე ცხოვრობდნენ. ეს არის დევნილთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საპილოტე პროექტი, რომელიც სპეციალურად შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად, სათანადო ანკეტების შევსების შედეგად მოხდა.
დევნილთა საცხოვრებელი გარემო ქულებით შეფასდა და ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფნი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ბინები ლტოლვილებს უმოკლეს დროში საკუთრებაში დაუმტკიცდებათ.
აღნიშნული კორპუსის მთლიანი რეაბილიტაცია გასულ წელს მოხდა, მათ შორის, დამონტაჟდა წყლისა და კანალიზაციის ინდივიდუალური ხაზები. კომპანია “სენი” შესრულებული სამუშაოს თაობაზე პასუხისმგებლობას იღებს და სამ წლიანი ვალდებულებით აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრასაც განახორციელებს.
დევნილებთან და მინისტრთან შესახვედრად ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მივიდა. დეპუტატმა მინისტრს ცირეკიძის ქუჩაზე ყოფილი “ინტერნატის” შენობაში მყოფი დევნილების მონახულება შესთავაზა. შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ თვრამეტამდე ოჯახი აღნიშნული შენობის დაცლის წინააღმდეგია და მის დასაკუთრებას ითხოვს. თუმცა ეს შენობა კერძო საკუთებაა და შპს “მილერი და კომპანია”-ს ეკუთვნის. მინისტრისა და დეპუტატის საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად მფლობელთან მოლაპარაკება მალე დაიწყება.
ნათია მურუსიძე