“საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა” და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ინიციატივით რამდენიმე დღის წინ ტყიბულში სიმულაციური ვარჯიში ჩატარდა, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები იყვნენ ჩართულნი.

გათამაშდა საგანგებო სიტუაცია, რომელიც გამანგრეველი მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი ვითარების მართვას ისახავდა მიზნად. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტყიბულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საგანგებო შტაბს მსგავს სიტუაციაში მუშაობისა და რეაგირების მეთოდური და პრაქტიკული მითითებები მისცა; თუ როგორ უნდა კოორდინირებდეს კატასტროფების დროს სხვადასხვა სამსახური, მათ შორის, სასწრაფო, სახანძრო, პოლიცია თუ სხვა.

თეორიული მეცადინეობის შემდეგ პრაქტიკული ტიპის სავარჯიშო ტყიბულის ყოფილი გასამხედროებული ნაწილის ტერიტორიაზე ჩატარდა. მოულოდნელად წარმოქმნილი ხანძრის პირობებში, მოხდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედების დაკვირვება. “წითელი ჯვრის ადგილობრივი ორგანიზაციის” მოხალისეებთან ერთად გათამაშდა სამაშველო ოპერაცია.

ხანძრის ჩაქრობის შემდეგ სიმულაციური ვარჯიში შენობაში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ითვალისწინებდა, რომელშიც სასწრაფო დახმარების სამსახური ჩაერთო. ე.წ. “მსხვერპლის” სამშვიდობოზე გამოყვანა წითელი ჯვრის მოხალისეებმა ითავეს. ვითარების ლოკალიზაციის შემდეგ შესრულებული სამუშაოსა და შტაბის მოქმედების ანალიზი გაკეთდა, თუ სად იყო დაშვებული ხარვეზები და რა ტიპის შენიშვნებია გასათვალისწინებელი.

აღსანიშნავია, რომ “საქართველოს წითელი ჯვარის საზოგადოება” მსგავსი ტიპის სიმულაციურ ვარჯიშებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ახორციელებს, რომლის მიზანიცაა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლებაცა და მოსახლეობაც სათანადოდ ინფორმირებული და მომზადებული იყოს.

ნათია მურუსიძე

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *