ტყიბულის გაზიფიცირების პროცესი გრძელდება.
კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზის” შვილობილი კომპანიის წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინ თაბუკაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდნენ და ტყიბულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ცხრა სართულიანი კორპუსების მოსახლეობას შეხვდნენ. გასულ წელს სოფელ მუხურიდან გაბრიაძის ქუჩის გავლით ჩვენს ქალაქში გაზის ცენტრალური მილსადენის შემოყვანა მოხდა და თაბუკაშვილის ქუჩის #14-ში რამდენიმე აბონენტმა ბუნებრივი აირი მიიღო.
ამჟამად აღნიშნული პროექტი გრძელდება და პირველ ეტაპზე ამავე კორპუსისა და გვერდით მდებარე ცხრასართულიანის მთლიანად გამრიცხველიანება მოხდება. ამისათვის კომპანიის საპროექტო ჯგუფი უახლოეს დღეებში შეისწავლის ტექნიკურ მხარესა და გააკეთებს ხარჯთაღრიცხვას, რის შემდეგაც მოსახლეობის აბონენტებად აყვანა დაიწყება.
კომპანიის წარმომადგენლებმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს თანადაფინანსებასთან დაკავშირებით, რაც მრიცხველისა და მილგაყვანილობის ხარჯებს მოიცავს. აქედან გამომდინარე თითოეული აბონენტისათვის ბუნებრივი აირის შეყვანის საფასური 300-დან 500 ლარამდე იქნება. მოსახლეობამ ამ ფაქტთან დაკაშირებით მზაობა გამოთქვა:
“ძალიან მოხარული ვართ გაზი თუკი გაგვიკეთდება და გვექნება, თითქმის ყველა მოწადინებულია. ჩვენ რაც გვევალება მრიცხველია თუ ტრუბებია ამას კი გადავიხდით,” _ ლალი ბარბაქაძე.
“სიამოვნებით და სიხარულით ვხვდებით ამ ამბავს. აქ გაზი რომ შემოიყვანეს, მაშინ ჩამოვიდა მერაბიშვილი და ტყიბული გაზიფიცირებულიაო, მე მინდოდა მისვლა, მაგრამ ვინ გაგიშვა. სად გახდა გაზიფიცირებული?! ძალიან კმაყოფილი ვიქნებით სუყველა, თითქმის ყველას გვინდა გაზი,” _ რუსიკო ჯიშიაშვილი.
“ძალიან მოხარულები ვართ, ყველა იმედის თვალით ვუყურებთ, რომ ეს გაკეთდეს, სუყველა მომხრეა და ძალიან კმაყოფილები ვიქნებით თუკი გაკეთდებადა, თუკი მოგვესწრება,” _ ნათელა ქათამაძე.
აღსანიშნავია, რომ გარდა თაბუკაშილის #14 და #16 კორპუსებისა გაზიფიცირება ცენტრალური მილსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე კერძო დასახლებაში გაბრიაძისა და ფიროსმანის ქუჩებზე მოხდება. გარდა ამისა, ნებისმიერ კერძო ორგანიზაციასა თუ დაწესებულებას, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიასთან ახლოსაა, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნება რიგითი აბონენტი გახდეს.
“ამ კორპუსებში არის რამდენიმე მომხმარებელი და მოსახლეობა მზადაა, რომ ჩაერთოს და გაზიფიცირება მოხდეს სრულად. ხვალისათვის უკვე საპროექტო ჯგუფი მოვა და განახორციელებს კონკრეტულა სამუშაოებს. დაგეგმავს, თუ როგორ უნდა მოხდეს ერთ, ორ და სამოთახიან ბინებში გაზიფიცირება, ასევე შესაბამისად მომზადდება კონკრეტული პროექტები, რომ მაგისტრალის გასწვრივ კერძო მოსახლეობა, აბონენტები თუ როგორ ჩაერთვებიან. გაკეთდება კონკრეტული ხარჯთაღრიცხვები და სამუშაოების წარმოებაც დაიწყება,” _ გოჩა შანიძე, შპს “თერჯილა ბუნებრივი აირის” დირექტორი.
წლევანდელი გეგმის გათვალისწინებით, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, სავარაუდოდ ქალაქის დაქსელვის პროექტის დაწყება მოხდება, რაც მაჟორიტარი დეპუტატის ელისო ჩაფიძის მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს.
ნათია მურუსიძე