“მე ყველაფერს ვაკეთებ ჩემს პოეზიაში…”

80 როლი კინოსა და თეატრში… უკვე 65 წლის მსახიობი საკუთარ სათქმელს ბოლო სამი ათწლეულია რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტალური სცენიდან ემოციებით სავსე გადასცემს მაყურებელს… რეჟისორი, ავტორი, მუსიკალური გამფორმებელი, ინსცენირების ავტორი, ერთადერთი როლის შემსრულებელი _ მურმან ჯინორია.

მონოსპექტაკლის “ქარი მწყურია მე პრდაპირი…” საკონცერტო ვარიანტის ნახვის შესაძლებლობა ტყიბულელ მაყურებელსაც მიეცა. პროექტის ფარგლებში “უკან სოფლისაკენ” სპექტაკლმა საქართველოს რეგიონებში იმოგზაურა და ცოტა ხნის წინ ჩვენს ქალაქსაც ეწვია. ბატონ მურმანს რეპეტიციის შემდეგ, სპექტაკლის წინ სცენეზევე გავესაუბრე:
_ გისმენდით, დარბაზში ვიჯექი… ლექსი პოეზიაა თუ მუსიკა?
_ როგორც გალაკტიონი ამბობს, ჩემი პოეზია ეს არის სათქმელი _ რა მინდა, რას ვამბობ ამ ლექსით, მეორე, ეს არის გრძნობა, ემოცია და მესამე, ეს არის მუსიკა. მეც ასე მიმაჩნია. და ვთვლი, რომ გალაქტიონ ტაბიძე არის არა მარტო ქართული პოეზიის მეტრი, არამედ ვინც მე წამიკითხავს ორიგინალში _ რუსები, ასევე ნათარგმნი ბაირონი, შელლი, შექსპი და რასაც ქვია პოეზია, ყველასი ერთად.

პოეზია კიდევ სხვა რამაა, ვიდრე ვთქვათ, “ვეფხისტყაოსანი,” ის ფილოსოფიაა, ის სხვა სიბრძნეა და პოეზია კიდევ სხვა არის. აი, ახლა ვთქვათ, ბახს ვისმენდით ხომ? ან ბეთჰოვენს ან შოპენს, ისმენ, იქ არ არის სიტყვები, მაგრამ შენ შენს წარმოსახვაში, შენს ცნობიერებაში რაღაც ამბავს თხზავ, რაღაც ამბავს მიჰყვები, შენს განვლილ ცხოვრებას, შენს წაკითხულს, ვიღაცის მოგონებას და ერთმანეთშია ეს არეული, როგორც კალეოდოსკოპი. აი, ეს არის პოეზია, ეს არის ჩემთვიაც პოეზია. როდესაც ეს ხდება, ეს მაშინ მუსიკასავით ესმინება მსმენელს. ე.ი. მუსიკა არა როგორც რიტმი და მელოდია, არამედ როგორც მელოდია, რომელიც შენს ასოციაციებს, შენს წარმოსახვას გაფურჩქნის.

აი, ეს არის პოეზია და ამიტომ მე თუ რამეს ვაკეთებ მხატვრულ კითხვაში, ამ მიმართულებით ვაკეთებ, რომ იქ შეიქმნას ის რიტმი, ის მუსიკალური ფრაზეოლოგია, რომელიც სიტყვის მნიშვნელობას კი არ იგებს, არამედ სიტყვის მნიშვნელობის იქით გადადის, მიდის, ყოველ შემთხვევაში ჩემი ნატვრა და ჩემი ამბიცია ეს არის. მაშინ ვკითხულობ მე კარგად და მაშინ ვარ განსხვავებული მკითხველი, ან განსხვავებული მსახიობი, როდესაც ამას ვახერხებ.

მე არ ვამბობ რომ ყველაზე კარგად ვკითხულობ, მაგრამ მე ამის პრეტენზია მაქვს, რომ ეს იყოს როგორც მუსიკა, რომელსაც ისმენს მაყურებელი, მსმენელი. ის შენ გხედავს, გისმენს და მერე ვეღარც გხედავს და ვეღარც გისმენს, ვინაიდან გადადის თავის წარმოსახვაში. აი, ამას თუ ვახერხებ და ალბათ რაღაც მომანტებში ვახერხებ, მაშინ ეს არის პოეზია, პოეზია არ შეიძლება იყოს სიუჟეტი, პოეზია არის ყოვლისმომცველი აბსტრაქცია, აბსრტაქციაში არ არის დაკონკრეტებული არაფერი.
_ რატომ მაინცდამაინც მონო სპექტაკლი, მეტად იხარჯებით?
_ მე მგონია, რომ ჩემი მთავარი ამოცანა, ჩემი მთავარი მიზანი ეს არის სათქმელი. მე უნდა ვთქვა სათქმელი ყველა ლექსში, ყველა როლში და როდესაც შენ მარტო ხარ, შენ რომელ სათქმელსაც გინდა, რომელსაც შენ გულწრფელად გრძნობ და რომელზედაც შენ დიდი ხნის ნაფიქრი გაქვს, იმას გადასცემ, გაუზიარებ მაყურებელს. თუ ამას ვახერხებ, მაშინ ეს არის ის, რისთვისაც მსახიობის, აქტიორის პროფესია ჩემთვის არსებობს, ეს არის სათქმელი _ რა გინდა, რა მინდა.

პირველი შეკითხვა არის მსახიობისთვის _ რა მინდა?! მერე არის რისთვის? და მერე არის როგორ? ამას სამივეს უნდა გაეცეს პასუხი შენს ნაწერში, თუ შენს ტვინში, თუ შენს გულში. იმაზე მეტს ვერ გადახტები, რაც ღმერთმა გაჩუქა, მაგრამ ღმერთმა რაც გაჩუქა, ის მაინც უნდა მოიპოვო შენში. არ ვიცით ადამიანებმა რა გვაჩუქა და ისე გვინდა ვიყოთ ვთქვათ მსახიობები. ვა, რა კარგია მსახიობობა, პოპულარული ვარ, ვა რა კარგია, ტაშს რომ გვიკრავენ _ ეს არ არის მსახიობობა, ეს არის პირველი ეტაპი.

მთავარი ეტაპი ის არის, როცა მაყურებელი შენზე ფიქრობს, როცა გავა რამდენიმე წელი, ის აზრი, ის შეგნება, ის აღმაფრენა მასში უნდა დარჩეს, მაყურებელში, მაშინ შენ უკვე მიაღწიე იმ მიზანს, რასაც ჰქვია შენი სათქმელი, ემოციურად და არა ისე, ლიტერატურულად.

JINO 07_ ყველა სცენას ერთნაირი სურნელი აქვს? 30 წელი ხომ რუსთაველი სცენაზე დგახართ…

_ იცი, არ ვაქცევ ამას ყურადღებას. მე სავარჯიშოები მაქვს ადამიანის ხუთ ორგანოზე დამყარებული: ყნოსვა, მხედველობა, სმენა, გემოვნება და შეხებები, ამას სულ ვაკეთებ სტუდენტობიდან დაწყებული. მაგრამ გადამწყვეტ მომანტში ის სივრცე გიკეთებს მუხტს, რა სივრცეცაა და მაყურებელი როგორი მოვა.

ახლა ისე მიხარია რომ ვერ ვხედავ, არ მიყვარს როდესაც მე ვხედავ მაყურებელს, კი ვიხედები წინ თითქოს მას ჰგონია, რომ ვხედავ, მარგამ არავითარ შემთხვევაში. თუ მთლად არ გავბრაზდი, ვთქვათ, ვინმემ ტელეფონი არ ჩართო ან რაიმე მსგავსი, არ ვაქცევ მას ყურადღებას. იმიტომ რომ არ შეიძლება აღიქვა ერთეული მსმენელი, შენ საერთოდ გყავს მაყურებელი, ერთი რაღაც შენს წარმოსახვაში და იმისთვის გასცემ და იმაში ერთიანდება მთელი დარბაზი.
_ სწორედ ამის კითხვა მინდოდა, ერთი და ორი მაყურებლისთვის და სავსე დარბაზისათვის ერთნაირად გითამაშიათ?
_ არა აქვს ამას მნიშვნელობა. ერთხელ ოქტომბრის დღეებში რაღაც დიდი მისვლა-მოსვლები იყო თბილისში და ჩემს სპექტაკლზე, აი, ამ სპექტაკლზე (აქ საკონცერტო ვარიანტს ვაკეთებ, მაგრამ როცა სპექტაკლი მაქვს, იქ მთელი დეკორაციებია, არ არის ისე, რომ გამოდიხარ და ლექსს ამბობ მარტო, არამედ დრამატურგიულადაა ეს აგებული ჩემს მიერ). 200 კაციანია ის დარბაზი ჩვენი ექსპერიმენტალური სცენა რუსთაველის თეატრში, ჰოდა, იმ დღეს ამ არეულობის გამო მოვიდა სულ რაღაც 20-25 ადამიანი, ე.ი. ნამდვილი თეატრის თუ პოეზიის მონა (კარგი გაგებით), შეწირული.

და იქ ვითამაშე, რაც კი შემეძლო, გავეცი, რაც კი შემეძლო და მადლობა გადავუხადე, რომ ამ ორომტრიალის დროსაც კი ხელოვნება არ დაკარგეს. იმიტომ კი არა, რომ ჩემს სპექტაკლზე მოვიდნენ, არამედ ხელოვნებასთან რომ მოვიდნენ _ გალაქტიონთან, ბარათაშვილთან, ილია ჭავჭავაძესთან, მუხრანთან, მურმანთან, შოთა ნიშნიანიძესთან, ტერენტისთან, ტიციანთან და აი, ამ ატმოსფეროსთან.

ამ ატმოსფეროს როცა კარგავს ადამიანი, მაშინ ხდება ის აგრესიული, მაშინ არ მოსწონს სხვისი აზრები, მაშინ ეჩხუბება ვიღაცას, მაშინ გამოდიან და თავ-პირს ამტვრევენ, რომელიც არ არის ხელოვნებასთან არავითარ კავშირში და არც ჩვენს რელიგიასთან. ამიტომ მე ის ხალხი მიყვარს და პატივს ვცემ, ვისაც ხელოვნება უყვარს. უყვარს არაფრის გამო, უბრალოდ უყვარს. რატომ გიყვარს შენი შვილი, ვერ ახსნი, რატომ გიყვარს ეს ქალი, ვერ ახსნი, მაგრამ ახსნი, იმიტომ რომ შენ მასთან ხარ კარგად, მშვიდად, თავისუფლად, რაღაც სახელებს მოუძებნი შენს მდგომარეობას.

საერთოდ მიყვარს, ასე თქმა არ ვარგა, რატომ გიყვარს, იმ წუთში პასუხი უნდა გაეცეს. იმიტომ რომ მე მასთან, როგორც კრუხის ფრთებ ქვეშ წიწილა ბედნიერი ვარ. ასე უნდა იყოს მაყურებელი სპექტაკლზე. თუ ამას ვახერხებთ მსახიობები, მაშინ ის სპექტაკლი შედგება, გინდა ორი კაცი იყოს და გინდა ათასი. მე წინა შემოდგომით უნივერსიტეტებში ვიყავი, პოლიტექნიკურში ხუთასი მაყურებელი ეტევა და მოვიდა 800 კაცი, ჯავახიშვილში ეტევა 1200 კაცი და მოვიდა 2000 ახალგაზრდა. 65 წლის კაცის სპექტაკლზე რომ მოვა, აბა რა არის ეს თუ არა…

_ აი, ეს უნდა მეკითხა, ახალი თაობის მაყურბელი თუ განსხვავდება ძველი მაყურებლისგან?
_ მე ხომ არ ვხედავ (არა იმიტომ რომ არ მინდა დავინახო), მაგრამ იქიდან მოდის ის იმპულსი, ის ატმოსფერო, რომლითაც მე და ის ერთნი ვართ. მე ეს მომენტი მომწონს, თორე ვიღაცა კარგია, ვიღაცა ცუდია, ვიღაცა ლოთია, ვითაცა შფოთია, მაგრამ როდესაც აქ შეივსება დარბაზი, ყველა ერთია. ესა სიყვარული შენი ქვეყნის, შენი ენის, შენი ქართულის, შენი პოეზიის, შენი გალაქტიონის და ა.შ.

იკრიბება, თითქოს ეგოისტური არის ადამიანის ბუნება, მაგრამ ხელოვნებაში განზოგადებული ხდება და განზოგადებას არ შეედრება არაფერი. როდესაც შენ განზოგადებულში ხარ, ესაა ბედნიერება და არა დაკონკრეტებულში… რაც მომწონს მე ყველაფერს ვაკეთებ ჩემს პოეზიაში.
_ რითი სუნთქავს მურმან ჯინორია?
_ რითი და ჩემი ხალხით და ჩემი ქვეყნის ბედნიერებით. მინდა, რომ ჩემი ქვეყანა იყოს სახელმწიფო, რომელიც იქნება თავის ხალხისთვის და ხალხი იქნება ბედნიერი, არ წავა არსად და იქნება თავის კუთხეში, თავის სოფელში, თავის ქალქში, თავის უნივერსიტეტში, თავის თეატრში და თავის კინოში, ესაა მთავარი.

დანარჩენი თითო-თითო აგურს ყველანი ვდებთ ამ საქმეში გულწრფელად, ზოგი ათ აგურს დადებს, ზოგი ერთს, მაგრამ უნდა დაიდოს თითო-თითო შენი ქვეყნის გახარებისათვის. უნდა გაიხაროს საქართველომ, ღირსია. მინდა რომ ასე იყოს და ამიტომ დავდივართ მთელ საქართველოში.
_ როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება რომ არა მსახიობობა?
_ აუ, ჯანდაბა იქნებოდა, არაფერი არ იქნებოდა, მე ასე ვფიქრობ. იმიტომ რომ იმ საათნახევარში, რაც მე თქვენთან ერთად და მაყურებელთან ვიყავი, მე არ მახსოვს არაფერი ცუდი, არ მახსოვს სიკვდილი, არაფერი წვალება, არაფერი მატერიალური საშოვარი და ა.შ. აი, იმ საათნახევარში მე ვარ სხვა მდგომარეომაში და ამ მდგომარეობისთვის ღირს ცხოვრება და მით უფრო, თუ ამას მაყურებელი მიგიხვდება და გაიგებს.
_ როლი და პერსონაჟი, რომელიც განსაკუთრებულად გიყვართ?
_ პოეზია იცი რატომ მიყვარს? რაც კი როლები მითამაშია და რაც არ მითამაშია, ყველა მდგომარეობაში შევდივარ. თუმცა ჰამლეტიც ნათამაშები მაქვს, დონჟუანიც ნათამაშები მაქვს, ძალიან ბევრი სპექტაკლი, 80 როლი მაქვს ნათამაშები კინოში, თეატრში და ტელევიზიით, მაგრამ მერე ხან ბერდები, ხან აცდები იმ დროს ან რეჟისორს არ მოეწონები და ა.შ.

ბევრი პრობლემაა, მაგრამ აქამდე _ პოეზიამდე და მონოსპექტაკლამდე იმიტომ მივედი, რომ მე ეს ყველა მდგომარეობა განვიცადე _ ყველა პერსონაჟი ვიყავი ჰამლეტიც, მეფე ლირიც. იცი რა, მსახიობობა ის არის, როდესაც შენ სხვადასხვა მდგომარეობაში შეგიძლია გადასვლა და არა ის, რომ დაწერენ _ ამან ეს ითამათა და ამერიკა გაგიჟდა, პეტერბურგმა ვენები გადაიჭრა და ა.შ. ეს ესე არ არის, შენ სხვა მდგომარეობაში გადადიხარ, თუ ამას ახერხებ, შენ ხარ ბედნიერი.
_ თეატრი თუ კინემატოგრაფია, რომელს უფრო ანიჭებთ უპირატსობას?
_ ორივეს! იცი ვინ ამბობს კინო უფრო მიყვარსო? თეატრში რომ ვერ თამაშობენ, თეატრში რომ თამაშობენ და კინოში არ იღებენ, ისინი ამბობენ თეატრიო. ორივე საოცრად კარგია, მე თითქმის ნახევარი ნახევარზე მაქვს როლები ნათამაშები როგორც ეკრანზე, ისე თეატრში.
_ რამდენი ხანია რაც იმართება თქვენი სპექტაკლები და სად? 
_ კარგა ხანია, შარშან დავიწყე, მაგრამ მერე რაღაცნაირად შეწყდა. მე რადგან სამოცდახუთი წელი შემისრულდა და ორმოცი წელი ამ პროფესიაში ვარ მინდოდა, რომ ყველა კუთხეში, ყველა ქალაქში, სადაც კი პატარა სცენა არსებობს, ჩავხუტებოდი ჩემს ქართველ მაყრებელს და ამას ვაკეთებთ გია და მე. ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ.

ნათია მურუსიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *