6 მაისს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ დიდმოწამე გიორგის ხსენების დღე იზეიმა.
დღესასწაული განსაკუთრებული მასშტაბურობით როგორც ყოველთვის თერჯოლის რაიონის სოფელ გოგნში აღინიშნა. ამ დღეს გოგნის წმინდა გიორგის სახელობის კარუგდებელ სალოცავზე მორწმუნეები მთელი საქართველოდან ჩამოვიდნენ, რათა წმინდა ადგილი მოილოცათ და დიდმოწამე წმინდანისთვის შემწეობა ეთხოვათ. მორწმუნეების უმეტესობას წმინდანის სახელზე შესაწირიც კი მიჰყავდა. აქ ნახავთ ფეხშიშველ მორწმუნე მრევლს, ნახავთ ბარკნებითა და ქათმებით მიმავალ მორწმუნე ერს, რომლებიც გზიდან 3-4 კილომეტრს ფეხით ადიან.
გიორგობის დღესასწაული გოგნში ორი ათეული წელია აღინიშნება, მოსახლეობა იქ გიორგობის წინა ღამეს უწყვეტი ნაკადით მიემარტთბა და მათი უმეტესობა ცდდილობს, რომ ღამის 12 საათზე იზეიმონ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული. როგორც გოგნის კარუგდებელი მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა იოანე ბრძანებს, ეს ადგილი არის უდიდესი მადლის მატარებელი, მით უმეტეს, რომ აქ უმოღვაწიათ დიდ მამებს, ყოფილა მწირი ბერების მონასტერი, სადაც ინახებოდა სხვადასხვა სიწმინდეები, მათ შორის წმინდა გიორგის თავის ქალის ნაწილი.
უდიდესი მადლის მატარებელ გოგნის წმინდა გიორგის სახელობის კარუგდებელ სალოცავს აქვს ისტორია-ლეგენდა თუ რატომ უწოდებენ კარუგდებელს.
“როდესაც წმინდა გიორგი სახელობის ეკლესია ააშენეს კარები გაუკეთეს, მაგრამ მეორე დღისით მოსახლეობას კარები ჩამოვარდნილი დახვდა, ყოველთვის როცა კარებს აკეთებდნენ იმდენჯერ ჩამოვარდნილი ხვდებოდათ. ადამიანები დაინტერესდნენ ამ ფაქტით, იფიქრეს ვიღაცა ამას განზრახ აკეთებსო და გადაწყვიტეს ეკლესიის კართან დარაჯები დაეყენებინათ, შუაღამისას როდესაც უკვე თენდებოდა დარაჯებმა სასწაული იხილეს, მათ თავიანთი თალით ნახეს ნათელი სვეტით როგორ ჩამოიხსნა კარები, ამის შემდეგ ადამიანები დარწმუნდნნ რომ ეს უფლის სასწაული იყო და კარიც მას შემდეგ არასოდეს დაუკიდებიათ და ამის გამო დაერქვა მას კარუგდებელი სალოცავი”.
სოფელში არსებული წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი ძალიან პატარაა, ამიტომ პატრიარქის ლოცვა- კურთხევით, იქვე სალოცავთან ახლოს ახალი ტაძრის მშენებლობა დაიწყო, რომელიც დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება და საქართველოში არსებულ ეკლესია- მონასტრების რიცხვს კიდევ ერთი შეემატება.
ელისო ჭანტურიძე