<
”ყველაფერს გავაკეთებთ ხალხისთვის, საზოგადოებისათვის და ქალაქისათვის”
უკვე სამი თვეა, რაც ტყიბულის მუნიციპალიტეტს ახალი გამგებელი ჰყავს, რომლის მოსვლის შემდეგ ქალაქში სხვადასხვა სახის ცვლილებები განხორციელდა. ჩვენ დავინტერესდით მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობით, ახალი ხელმძღვანელობის მომავალი გეგმებითა და პრიორიტეტებით და ამ საკითხებზე სასაუბროდ თემურ ჩუბინიძეს მივმართეთ.
_
ბატონო თემურ, უკვე სამ თვეზე მეტია რაც თქვენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბრძანდებით, რა მდგომარეობა დაგხვდათ აქ რომ მობრძანდით?
_ საერთოდ არ არის მართებული, რომ წინამორბედზე ისაუბრო, არა ქრისტიანულია, არა ადამიანურია, ყოველ შემთხვევაში ვიზუალურადაც ჩანს, შენობიდან დაწყებული მთელი რაიონის მასშტაბით, რომ არა სახარბიელო მდგომარეობა იყო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინა მთავრობას საერთოდ არაფერი არ გაუკეთებია, მაგრამ შეეძლოთ უფრო მეტი გაეკეთებინათ, მათ ჰქონდათ ამის რესურსი, როგორც ფინანსური ისე მხარდაჭერის თვალსაზრისით მოსახლეობიდან, ხალხის ნდობა, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ იქნა მაქსიმალურად გამოყენებული.
რომ იტყვიან “რა გითხრათ რით გაგახაროთო”, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა ინფრასტრუქტურის, კომუნალური, დასუფთავების თვალსაზრისით.
თქვენ თვითონ ნახავდით, რომ ქალაქში რამდენი უბედურება ტრიალებს, მაწანწალა ძაღლები, აშვებული საქონელი, არა ორგანიზებული მასა ადამიანებისა, უიმედობაში ჩავარდნილი საზოგადოება და აი ამ კომპლექსში, თქვენ წარმოიდგინეთ, რა პერსპექტივებზე, წინსვლაზე და პროგრესზე უნდა ისაუბრო, როცა ასეთი სიტუაციაა რაიონში ზოგადად.
და საერთოდ, რომ იტყვიან არც ქვეყანა არ ბრწყინავდა მთელი თავისი ავლადიდებით.
_ საკადრო ცვლილებები განხორციელდა, სამსახურის უფროსები შეიცვალნენ, როგორ ჩაიარა ამ პროცესმა?
_
თქვენ იცით, რომ სანამ საქმეს დაიწყებდე მანამ ამ ყველაფერს მომზადება სჭირდება, ჩვენ თანდათან, რა თქმა უნდა, ერთი ხელის დაკვრით არა, შევისწავლეთ საკადრო სისტემა, ზოგადად მდგომარეობა, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ რიალობიდან გამომდინარე გაგვეტარებინა საკადრო ცვლილებები, ეს საკადრო ცვლილებები, რა თქმა უნდა, არ იყო ყოვლის მომცველი, შეიძლება საზოგადოების დაკვეთა არის ამის თაობაზე, რომ შეიცვალოს ძველი ნაწილი და მთლიანად გადახალისდეს.
მაგრამ როცა საქმეში ჩაიხედავ ღრმად, გაანალიზებ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას, საერთაშორისო აზრს, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის წინსვლისა და პროგრესისათვის, არ იყო აუცილებელი მთლიანად რადიკალურად შეგვეცვალა ყველაფერი.
ყველა საზოგადოებაში არის ღირსეული ადამიანები, ყველა პოლიტიკურ ფორმაციაში, ყველა ქალაქში, ყველა რაიონში მათ შორის ჩვენთანაც. სრულიადაც არ ნიშნავს, ვთქვათ, მოხელე მუშაობდა ნაციონალური მთავრობის დროს თუ იმუშავებს ახლა, თუ ის კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას და მას ხარვეზები არ აქვს საქმიანობაში, მაინცდამაინც უნდა დათხოვნილი და სახლში გაშვებული იქნას.
ეს არ არის ჩვენი მიდგომა, ამაზე მეც თავშეკავებულად ვმოქმედებდი და ქალბატონი ელისო, მაჟორიტარი დეპუტატიც გვეთანხმება ამ ქმედებაში, ყოველ შემთხვევაში, სხვა რაიონებთან შედარებით ჩვენთან ტყიბულში ამან შედარებით უმტკივნეულოდ გადაიარა, რა თქმა უნდა, ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია, იმიტომ, რომ ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას.
საზოგადოება უნდა იყოს მიჩვეული და მიეჩვიოს იმას, რომ მიდის ერთი ხელისუფლება მოდის მეორე ხელისუფლება, თვითონ ხელისუფლებებიც უნდა მიეჩვიონ ამ ტენდენციებს და საზოგადოება მერე ყოველთვის ეძებს ახალს, საზოგადოებას ხალხს უნდა ახალი, უფრო სხვა ხედვები, ეს ბუნებრივი ამბავია, ამიტომ ჩვენ თუ გვინდა დემოკრატიული ქვეყანა ავაშენოთ ამ ყველაფერს უნდა შევეგუოთ.
_ როგორ შეაფასებთ ახლად დანიშნული სამსახურის უფროსების საქმიანობას?
_ იდიალური არ არის, მაგრამ ახალი კადრები არიან, აღზრდა სჭირდებათ, სწავლა სჭირდებათ, დახვეწა. რა თქმა უნდა, ჯერ თავიანთ ფუნქციებში სრულყოფილად გარკვევა უნდათ, მაგრამ შედარება არ არის, ძველთან შედარებით უკეთესობისკენ მიდის საქმე, შეიძლება ზოგმა ეჭვის თვალით შეხედოს ამ სიტუაციას, ზოგისთვის მიუღებელია ზოგიერთი კანდიდატურა და ა.შ.
ეს საზოგადოების გადასაწყვეტია, მან უნდა იფიქროს, უკეთესი უნდა შემოგვთავაზოს, თუU კი უკეთეს შემოგვთავაზებენ. მაგრამ არის მეორე ვარიანტიც, რომ ვაცადოთ ამ ხალხს საქმიანობა, შევხედოთ, დავდოთ შედეგი.
თუ ჩვენ ან რომელიმე სამსახური დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ გაართმევს, შეცვლილი იქნება სამსახურის ხელმძღვანელიც და მისი მოადგილეც და მთლიანად სტრუქტურა გადახედილი იქნება. მაგრამ მე ამის საფუძველს არ მაძლევს ახლა ქალაქში არსებული მდგომარეობა.
თუ მოსახლეობა შეხედავს ამას, მე ყოველ დილით შემოვუვლი ქალაქს, უყურებ სად რა ხდება, მერე შესაბამის სამსახურებთან მაქვს შეხება და დავალებებს ვაძლევ მათ, რა თქმა უნდა იდიალურობამდე ჯერ შორს ვართ, მაგრამ რაც იყო, იმას სჯობია.
ძველთან შედარებით ცოტა წინსვლა გვაქვს. ხელშესახები შედეგები, რა თქმა უნდა, არ გვექნებოდა, იმიტომ რომ ჩვენი კლიმატური პირობრბიდან გამომდინარე ექვსი თვე რაიონში უამინდობაა, უამინდობაში გაკეთებული რაიმე საქმე კი უვარგისია, თავიდანვე განწირულია მოსაკლავად.
ამიტომ ახლა როგორც კი ამინდები დადგება ჩვენ შემუშავებული გვაქვს სერიოზული ღონისძიებები, რა უნდა გავაკეთოთ, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე კულტურის თვალსაზრისით და საზოგადოებამ შეაფასოს წლის ბოლოს.
ჩვენ შედეგებს წლის ბოლოს შევაჯამებთ, გაწეული მუშაობის შესახებ საკრებულოსაც მოვახსენებთ, საზოგადოებასაც მოვახსენებთ, ქალაქის აქტივსაც შევკრიბავთ თეატრში და ჩავაბარებთ ანგარიშს, იქ გამოჩნდება ჩვენი მუშაობის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ჩვენ საზოგადოებიდან მარტო შეფასებებს კი არა აქტიურ მხარდაჭერას და ამ პროცესში აქტიურ ჩართვასაც ველოდებით.
_ კონკურსის გამოცხადება ხომ არ იგეგმება, როგორც სამსახურის უფროსების, ასევე მათი თანამშრომლებისათვის?
_ კი ბატონო, კანონის მოხედვით, საჯარო სამსახურის შესახებ, ჩვენ ზაფხულის პერიოდში გვექნება კონკურსი. საატესტაციო-საკონკურსო კომისია იმუშავებს, ყველა სამსახურის ხელმძღვანელი და ყველა თანამშრომელი გაივლის ამ ატესტაციებს. ვინც იქნება ღირსეული შეინარჩუნებს თავის სამსახურს, ვინც არადა ამ კონკურსში მონაწილე სხვა დაიკავებს მის ადგილს.
კონკურსი მარტო ჩვენთან არ ჩატარდება, ეს ქვეყნის მასშტაბით კანონით არის განსაზღვრული, მანამდე, მე მგონი, ცვლილებები არ იქნება, მე მივეცი ყველას დავალებები, მითითებები, რომ მოემზადონ ამ დიდი ღონისძიებისათვის.
_ მუნიციპალიტეტში ძირითადი პრობლემა დასაქმებაა და აქედან გამოწვეული არასახარბიელო სოციალური მდგომარეობა, როგორ შეიძლება მოხდეს ამის მოგვარება?
_
ჩვენდა სამწუხაროდ, ეს პრობლემა არა მარტო ჩვენი ქალაქის და რესპუბლიკის მასშტაბით არის, არამედ ზოგადად მსოფლიოში არსებობს. ჩვენ ვართ ქვანახშირის მრეწველობაზე მიბმული ქალაქი, იმის და მიხედვით თუ როგორ მუშაობს ქვანახშირის მრეწველობა, ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს “ჯი-აი-ჯი ჯგუფი”, იმის შესაბამისი და ადეკვატური არის ქალაქში სოციალურ-ეკონომიური ფონი.
თუ “საქნახშირი” იმუშავებს გამართულად მთელი დატვირთვით, მაშინ მუშაობს თეატრი, მოსწავლეთა სასახლე, სპორტული ცენტრი, სავაჭრო ობიექტები და აბსოლუტურად ყველაფერი. თუ “ჯი-აი-ჯი ჯგუფი” ამოიღებს 600 ათას ტონა ქვანახშირს წელიწადში გაორმაგდება გაცემული ხელფასები, ეს გამოიწვევს ფულის ბრუნვას ქალაქში, შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტში დიდ შენატანებს, მერე სახელმწიფოდან გვიბრუნდება უფრო დიდი თანხები. ამ წუთში ,,საქნახშირი” 200-300 ათას ტონაზე მუშაობს, მაგრამ ესეც დროებითია.
მე მინდა თქვენ გითხრათ, რომ გარდაბანის გესი გადადის მყარ სათბობზე, მყარ სათბობში იგულისხმება ქვანახშირი, მას დაახლოებით 600-700 ათასი ტონა დასჭირდება წელიწადში, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი ბაზარია “ჯი-აი-ჯი ჯგუფისათვის”. ამან უნდა შეუწყოს ხელი ახალი სამთოელების მომზადებას, შეიქმნას პირობები იმისათვი, რომ რაც შეიძლება მეტი ქვანახშირი მიეწოდოს “ჯი-აი-ჯი ჯგუფს”.
ეს ადეკვატურად ზრდის შემოსავლებს, მუშა-მოსამსახურეთა ხელფასებს, იზრდება პენსიები, ძლიერდება ვაჭრობა, კულტურაში ფული შევა და ეს ყველაფერი ეკონომიკაზე აისახება…
_ თქვენ “ჯი-აი-ჯი ჯგუფზე” საუბრობდით და აქვე გკითხავთ, ქალაქში ვრცელდება ინფიორმაცია იმის შესახებ, რომ მაისის თვიდან შესაძლებელია 80% საკონტროლო პაკეტისა, რომელსაც ფლობს აღნიშნული კომპანია სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდეს?
_ დიახ მეც მაქვს ეს ინფორმაცია, რამდენად დაზუსტებულია ვერ მოგახსენებთ, ალბათ სულ მალე მეცოდინება ამის შესახებ, გუნდში მიდის ამაზე სერიოზული მუშაობა 80%-ზე ვერ გეტყვით, მაგრამ მართვის უფლება შეიძლება სახელმწიფომ აიღოს, რადგანაც ეს ჩვენი ქვეყნისათვის სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი და ნედლეულია.
_ ბატონო თემურ, თქვენი მოსვლის შემდეგ რა გაკეთდა და რა სიახლეები შეინიშნება ქალაქში და ასევე თუ შეიძლება თქვენი მომავალი გეგმები და პრიორიტეტები გაგვაცნოთ?
_ ჩვენ ჩამოყალიბებული გვაქვს წელს რასაც ვაკეთებთ, მილიონ სამასიათას ლარს დავხარჯავთ ქალაქში ქუჩების გზების მოსაწესრიგებლად.
შემდგომ ამისა დასახული გვაქვს ღონისძიებები, სოფელ ხრესილში 400 ათას ლარს ვხარჯავთ იმისათვის, რომ წყალმომარაგება აღსდგეს თავიდან ბოლომდე, ეს უკვე დამტკიცებულია მთავრობის მიერ. ჯვარისისა და ოჯოლის მიმართულებით ბეტონის გზა დაიგება დაახლოებით ორი კილომეტრის, მუხურის მიმართულებით ალბათ დაახლოებით მილიონნახევრამდე დაიხარჯება, ეს გარდამავალი პროექტია და მთლიანად სოფლის ცენტრამდე შევა გზა.
ჩვენ კიდევ ვაკეთებთ ქალაქში ქართული ჭიდაობის არენას 800 კაცზე, რომელსაც “ქართუ ჯგუფი” გვიფინანსებს და რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება, ამჟამად ადგილის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.
ასევე ვგეგმავთ სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობას. გაბრიაძის ბიუსტი დავდგით თავის ადგილზე, იმავე პარკში სკამები ჩავდგით, მივასუფთავეთ, როგორც კი ამინდი გამოვა მოვაასფალთებთ და უფრო კეთილმოვაწყობთ.
გარდა ამისა, კომუნალური სამსახურც აქტიურად მუშაობს, ნაძვები ჩამოვიტანეთ და დავრგეთ გამგეობის შენობის წინ მდებარე პარკში, რა თქმა უნდა, ის განლაგება აღარ არის რომელიც იყო, მაგრამ სიმბოლურად მაინც ჩავრგეთ. ნეკერჩხლის ხეივანი გავაკეთეთ და ეს ყოველწლიურად გაგრძელდება.
სოფლის გზებს შევაკეთებთ, მოვხრეშავთ, ამასთან ერთად სოფლის მხარდამჭერი პროგრამებით ჩვენ ნახევარ მილიონ ლარამდე დავხარჯავთ, სოფლებმა თვითონ გადაწყვიტეს და აირჩიეს პრიორიტეტები თუ რა ურჩევნიათ, ვთქვათ, წისქვილის მოწესრიგება, არხების გაყვანა, ბაგა-ბაღების, კლუბის თუ სკოლის შეკეთება, თვითონ სოფლის კრებებმა გადაწყვიტეს ეს და მათზეც ვმუშაობთ.
მიმდინარეობს პროექტების დამუშავება, ხარჯთაღრიცხვების შედგენა, ამას ყველაფერს უნდა მიეცეს ოფიციალური ხასიათი, როცა ჩვენ ამას მთავრობაში წარვადგენთ ფული გადმოირიცხება და დავიწყებთ მუშაობას.
ასე რომ ამოცანები გვაქვს, გვაქვს საშუალებები თუ როგორ უნდა გადავწყვიტოთ ეს ამოცანები. ამასთან ერთად სოფლებში მიმდინარეობს ხვნა-თესვის კამპანია, 300 ჰექტრამდე უკვე დახნულია, ამინდებმა შეგვიშალა ხელი თუ არა უფრო მეტ რაოდენობაზე გავიდოდით. რაც მთავრობამ დადგენილება გამოსცა, მას შემდეგ ჩვენც აქტიურად ვმუშაობთ და ყველაფერი მიმდინარეობს გეგმის მიხედვით.
ასევე სამკერვალო ფაბრიკაში სერიოზულად მზადება მიდის, დაახლოებით 300-350 ადამიანი შეიძლება დასაქმდეს, თუ ისე წავიდა ყველაფერი, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, საუბარია პროფტექნიკური სასწავლებლის გახსნაზე, რომელიც კადრებს მოამზადებს.
განათლების სამინისტროში ამ საკითხზე სერიოზული მუშაობა მიდის და მასში ჩართულია ქალბატონი ელისო ჩაფიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, მეც და მთელი აქტივი ამაზე უკვე აქაც ვმუშაობთ, ესეც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის, დამატებიტებით სპეციალისტებს, კიდევ სამთო დარგის სპეციალისტები მზადდება ყოფილი მე-2 სკოლის, “საქნახშირის” შენობაში, ხილ-კენკროვანი პროდუქტის გადამამუშავებელი ქარხანა უნდა დაიდგას. ჩაიზე მიდის საუბარი, გუშინწინ ხელი მოვაწერე ბრძანებას და ქალაქში საქონლის სასაკლაო კეთდება.
ნელ-ნელა ასე ეტაპობრივად ჩვენ შევეცდებით, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ. თქვენ მოგეხსენებათ, ერთი ხელის დარტყმით საქმის გაფუჭება და დანგრევა იოლია, მაგრამ ერთი ხელის დაკვრით აშენება ძალინ ძნელია.
_ რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, კერძოდ კი საცურაო აუზისა და სპორტის სასახლის რეაბილიტაციას, დასრულდება თუ არა წელს და თუ არა როდის იგეგმება ამ პროექტების დასრულება?
_სპორტის სასახლეს დავხურავთ წელს, ეს ჯდება დაახლოებით 300 ათასი ლარი და ერთი წელი უნდა გაჩერდეს, სანამ კედლები გამოშრება, შიგნით ყველაფერი გასუფთავდება და დახურული იქნება, გაისისთვის უკვე დავიწყებთ მის რეაბილიტაცია, როცა ეს ყველაფერი გამოშრება, სასურველ კონდიციამდე მივა და ხელოსნებს და საამშენებლო ჯგუფს შეეძლებათ შეუდგნენ აქტიურ საქმიანობას.
ჩვენ დაყენებული გვაქვს საკითხი თეატრის, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისა და ასევე საცურაო აუზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, პირდაპირ უშუალოდ ბატონ ბიძინასთან არის შეტანილი წერილები, ვნახოთ ველოდებით პასუხს.
როგორც მე ვვარაუდობ, წელს თუ არა გაისისთვის მაინც ძვრები გვექნება ამ საკითხებში, იმიტომ რომ ძალიან დიდ ფულთან არის ეს დაკავშირებული, წლების განმავლობაში მიტოვებულია და შესაძლებელია სახელმნწიფოს ახლა არც აღმოაჩნეს შესაბამისი სახსრები, დაახლოებით 10 მოლიონ ლარამდე დაჯდება მეტი თუ არა ამ შენობების რეაბილიტაცია.
_ ბატონო თემურ, თქვენი წინამორბედი ხელისუფლება აცხადებს რომ ბიუჯეტში თანხები საკმარისი დატოვეს, ჩვენ კი როგორც ხშირად გვესმის, ბიუჯეტის სიმცირის გამო, მიუხედავად სურვილისა, ბევრი პრობლემა მოუგვარებელი რჩება?
_ ცოტა კურიოზული მდგომარეობაა, თვითონ თავიანთი ხელით ითხრიან სამარეს, თუ ამდენი ფული ჰქონდათ, ეს ხალხი საიდან არის ასე დაბეჩავებული, უმუშევარი, უპენსიო, სახსრების გარეშე. მაშინ არა ყაირათიანათ, არა ეკონომიურად და არამიზნობრივად ხარჯეს ეს ფული, ეტყობა კიდევაც ქვეყანას.
_ თქვენ არ დაგხვდათ ბიუჯეტში საკმარისი რაოდენობის თანხა?
_ რა უნდა დაგხვედროდა, განსაკუთრებული არაფერი არ დაგვხვედრია, ნეტა ყოფილიყო. არ მიყვარს წინამორბედზე საუბარი თავშიც ავღნიშნე, სახეზე გვაქვს სიტუაცია, ამ სიტუაციის შემხედვარე ადამიანმა არაფერი არ უნდა თქვას. პირადად მე არც იმას უარვყოფ, რაც გააკეთეს შეეძლოთ უფრო მეტი გაეკეთებინათ. დიდი მადლობა რაც გააკეთეს, მაგრამ რაც ვერ გააკეთეს და გააფუჭეს ეს თვითონ ხალხმა შეაფასოს, ეს ჩემი შესაფასებელი არ არის.
_ წელს ბიუჯეტთან დაკავშირებით პრობლემები არის თუ არა?
_ არანაირი პრობლემები არ იქნება ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით, ხელფასებიც დარიგდება თავის დროზე, გასაკეთებელიც გაკეთდება თავის დროზე, ასე რომ ხალხს შეუძლია მშვიდად იყოს. ყველაფერს გავაკეთებთ ხალხისთვის, საზოგადოებისათვის და ქალაქისათვის.
_ გაზიფიცირების პროცესი ტყიბულში შეჩერდა და თუ იგეგმება წელს ამ პროექტის გაგრძელება?
_ გაზიფიცირება თქვენ იცით, რომ მოსულია ფაქტიურად ქალაქამდე, ამას აზერბაიჯანული ფირმა სოკარი ახორციელებს, არის რაღაც პრობლემები იმიტომ, რომ 65 რაიონია ჩვენს გარდა, რომელიც ითხოვს გაზიფიცირებას და ამის თანხები ახლა ჯერ-ჯერობით არ აქვთ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქალბატონი ელისო და ჩვენ ენერგეტიკის სამინისტროსთან აქტიურად ვმუშაობთ და ძვრა გვექნება, გაზი აუცილებლად შემოვა ქალაქში.
ესაუბრა ელისო ჭანტურიძე