ტყიბულის “მუნიციპალიტეტის თასზე” მოსწავლე-ახალგაზდობის რიგით მეათე სპარტაკიადა დაიწყო, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სპორტიული ცენტრის ორგანიზებით ტარდება, მას თანამშრომლობას საგანმანათლებლო რესურსცენტრი უწევს.

სპარტაკიადა სპორტის რვა სახეობაში გაიმართება, მათ შორისაა ჭადრაკი, შაში, კალათბურთი, ფრენბურთი, მინი-ფეხბურთი, მკლავჭიდი, მძლეოსნობა და მაგიდის ჩოგბურთი. ოთხ მარტს სპარტაკიადამ სტარტი ჭადრაკის სახლიდან აიღო, სადაც ჭადრაკში პირველი ტური გაიმართა.

ქალაქის მასშტაბით მონაწილეობას შვიდი გუნდი იღებდა, მათ შორის ერთი საწირის საჯარო სკოლის ნაკრები იყო. გათამაშება წრიული სისტემით ჩატარდა და გამარჯვებულები ფინალში სოფლებს შორის გადათამაშების შედეგად გამოვლენილ მოწინააღმდეგეებს შეხვდებიან.

სპარტაკიადის პირველი ეტაპი პარლელურად სოფლებშიც მიმდინარეობს. ჭადრაკში შეჯიბრებას სოჩხეთის საჯარო სკოლამ უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს ხუთი სოფლის ნაკრები გუნდები ეჯიბრებოდნენ.

შეჯიბრებებს ატარებს სპორტული ცენტრის მიერ დანიშნული მსაჯთა ბრიგადა. სპარტაკიადის მთავარი მიზანია მომავალი თაობის ფიზიკური და სულიერი აღზრდა და ნიჭიერ სპორტსმენთა გამოვლენა. ტყიბულის “მუნიციპალიტეტის თასზე” 2013 წლის მოსწავლე-ახალგაზრდობის სარტაკიადა მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.


ნათია მურუსიძე