ბუბა კუდავა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორია .
ბატონი ბუბა პროფესიით ისტორიკოსია, ის იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანი, მალევე გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. ბუბა კუდავა არის გამომცემლობა “არტანუჯის” დამფუძნებელი და დირექტორი, ის ასევე გახლავთ ოცამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
_ მოგესალმებით, ბატონო ბუბა. როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდი დატვირთვა აქვს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ჩვენი ქვეყნისთვის და თქვენთვის, როგორც დირექტორისთვის, რამდენად საინტერესოა ამ დაწესებულებაში მუშაობა?
_ ვფიქრობ, ერთ-ერთი უმთავრესი, რაც განსაზღვრავს ქართული კულტურის უნიკალურობასა და სიდიადეს, ეს ჩვენი ორიგინალური დამწერლობა და უძველესი, უმდიდრესი ხელნაწერი მემკვიდრეობაა. იმდენად დიდი ტრადიცია ჰქონდა ჩვენში მწიგნობრობას, რომ ქართულმა დამწერლობამ განვითარების სამი ეტაპი განვლო. ამ უდიდესი კულტურის ნიმუშები, ძველი საერო და სასულიერო მწერლობის ძეგლები, თითქმის მთელი ცოდნა, რამაც დღემდე მოგვიყვანა, სწორედ ხელნაწერებშია თავმოყრილი.
ჩვენს წინაპრებს ბევრი უწერიათ, უთარგმნიათ, ბევრი ხელნაწერი შეუქმნიათ. მათგან რაც შემოგვრჩა, დღეს ძირითადად სწორედ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. შესაბამისად, სრულიად ნათელია ჩვენი დაწესებულების მნიშვნელობა ქვეყნისათვის და ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც მის ხელმძღვანელსა და თითოეულ თანამშრომელს აქვს უნიკალური მემკვიდრეობისა და ქვეყნის წინაშე.
_ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს პერიოდულად ემატება ახალი მასალა. ბოლო თვეების და თუნდაც წლების განმავლობაში, თქვენს საგანძურს შეემატა თუ არა ახალი ხელნაწერები?
_ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექცია ძირითადად სწორედ შემოწირულობებითაა შეკრებილი და შევსებული. თავის დროზე შემოწირულობებით გროვდებოდა ჩვენთან დაცული ხელნაწერები, ისტორიული დოკუმენტები და პირადი არქივები წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში, საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებაში… შემდეგ, ჩვენი ცენტრის (ადრე მას, მოგეხსენებათ, ხელნაწერთა ინსტიტუტი ერქვა) დაარსებიდან, ხშირად იყო შემთხვევები, როცა დაწესებულება იძენდა სხვადასხვა სიძველეებს კოლექციის შესავსებად.
ეს ტრადიციები დღესაც გრძელდება. არაერთი კერძო პირი, ნაცნობი თუ უცნობი, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სწირავს ოჯახში დაცულ ხელნაწერ წიგნებსა თუ დოკუმენტებს, პირად საარქივო კოლექციასა თუ ძველ ფოტოებს, ძველნაბეჭდ წიგნებსა თუ საოჯახო ბიბლიოთეკებს… გვაქვს შემთხვევები, როცა მფლობელს არა აქვს საშუალება ან სურვილი, რომ უსასყიდლოდ შემოგვწიროს მისი საკუთრება.
სამწუხაროდ, როგორც წესი, ჩვენ თავად არა გვაქვს შეძენის საშუალება. ასეთ შემთხვევაში მივმართავთ ხოლმე მეგობრებს, პარტნიორ ორგანიზაციებს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოებას და ისინი გვეხმარებიან კოლექციის გამდიდრებაში. ასეთი გზებით უკანასკნელ წლებში არაერთი უნიკალური მასალა შემოგვემატა. განსაკუთრებით გამოვყოფდი პირად საარქივო კოლექციებს. უკანასკნელ ხანს მეცნიერთა, მწერალთა თუ პოლიტიკურ მოღვაწეთა რამდენიმე ათეული საინტერესო არქივი შემოგვწირეს მათი ოჯახის წევრებმა და შთამომავლებმა.
_ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ტარდება სხავადასხვა სახის ღონისძიება, კონკურსი. რამდენიმე წლის წინ ტყიბულის #6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიაღწიეს წარმატებებს კალიგრაფიის კონკურსში. რას გვეტყვით ამ კონკურსის შესახებ და რა მიზანს ემსახურება მისი ჩატარება?
_ მიმაჩნია, რომ უკანასკნელ წლებში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში განხორციელებულ პროექტებს შორის კონკურსი `ქართული კალიგრაფია~ ერთ-ერთი გამორჩეულია. პოსტსაბჭოთა საქართველოში ხელოვნების ბევრი ტრადიციული დარგი აღორძინდა, თუმცა კალიგრაფიისთვის რატომღაც ვერ მოვიცალეთ. არადა ზედიზედ სამჯერ ჩატარებულმა კონკურსმა, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა, აჩვენა, რომ კალიგრაფია ქართველთათვის ისეთივე ბუნებრივი და თანდაყოლილი ნიჭია, როგორც, ვთქვათ სიმღერა თუ ცეკვა.
კონკურსმა ასეულობით უნიჭიერესი ახალგაზრდა გამოავლინა. დარწმუნებული ვარ, მათგან ბევრი პროფესიონალ კალიგრაფად ჩამოყალიბდება. ეს არის გზა, რომელიც ქართველთა უძველეს და უმდიდრეს ტრადიციას _ კალიგრაფიული წერის ხელოვნებას ააღორძინებს და ახალ სიმაღლეებამდე აიყვანს. სწორედ ეს გახლავთ კონკურსის მთავარი მიზანი.
აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ტყიბულის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს, სკოლის პედაგოგებს კონკურსის მხარდაჭერისა და მოსწავლეთა ხელშეწყობისათვის. მოსწავლეებს ვულოცავ წარმატებას. მათ რთული, 3-ეტაპიანი კონკურსი დაძლიეს და ქვეყნის მასშტაბით საუკეთესოთა შორის მოხვდნენ. იმედი მაქვს, მათთვის ეს დიდი სტიმული იქნება მომავალი წარმატებების მიღწევის გზაზე.
_ რამდენად ბევრი ცნობილი კალიგრაფია საქართველოში და თანამშრომლობთ თუ არა მათთან? რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც არ აქცევენ ყურადღებას კალიგრაფიას?
_ როგორც მოგახსენეთ, კალიგრაფია, როგორც ხელოვნების ტრადიციული დარგი, ვერ აღორძინდა. მხოლოდ ცალკეული ადამიანები, ფაქტობრივად ყოველგვარი დახმარებისა და ყურადღების გარეშე, ემსახურებოდნენ ამ მიმართულების განვითარებას. მათთან, ცხადია, ვთანამშრომლობთ. ისინი გვეხმარებიან კონკურსის ჩატარებაში, მათ მჭიდრო ურთიერთობა აქვთ დამწყებ კალიგრაფებთან _ კონკურსის მონაწილეებთან და გამარჯვებულებთან.
სრულიად ნათელია, რომ ყველა ქართველი ვერ დაწერს ლამაზად, კალიგრაფიული ხელით, ისევე, როგორც ყველა ვერ იმღერებს წარმატებით ქართულ ხალხურ სიმღერებს. მაგრამ სხვა საქმეა, რომ ყველამ უნდა ვეცადოთ შევცვალოთ დამოკიდებულება ჩვენი უნიკალური დამწერლობისადმი.
კალიგრაფიულ ხელოვნებას და ზოგადად, ჩვენი დამწერლობის კულტურას, თუნდაც თითოეული ჩვენგანის კალიგრაფიას, მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. უნდა გავიაზროთ, რომ ეს არ არის მხოლოდ წერისა და კითხვის, უბრალო კომუნიკაციის საშუალება, ეს ჩვენი წინაპრების უზარმაზარი მონაპოვარია, ისეთი, რომლის მსგავსი მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელ ხალხებს თუ აქვთ მსოფლიოში.
_ დღეს ოფიციალურ-საქმიანი თუ ყოფელდღიური ურთიერთობის ძირითადი საშუალება კომპიუტერია, ხელნაწერ ტექსტებს იშვიათად თუ შევხვდებით. რას იტყვით ამ ვითარებასთან დაკავშირებით?
_ ამაში საგანგაშო არაფერია, ეს დრომ მოიტანა, ისევე როგორც ისტორიამ მოიტანა თავის დროზე ზეპირსიტყვიერების ჩანაცვლება ხელნაწერი წიგნებით, შემდეგ კი _ ხელნაწერების ჩანაცვლება ბეჭდური გამოცემებით. დღეს ელექტრონული ეპოქაა. ამ ეპოქას უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს. თუმცა, ისევე როგორც კაცობრიობის ნებისმიერ მონაპოვარს, ამ საშუალებებსაც თავისი საფრთხეები აქვს. ერთ-ერთი საფრთხე სწორედ ტრადიციული დარგების გაქრობაა.
ცხადია, ხელით წერის კულტურისთვისაც არსებობს ასეთი საფრთხე. თუმცა თუ ჩვენ სწორად განვსაზღვრავთ ამ კულტურის ადგილს ჩვენს ცხოვრებაში, ავაღორძინებთ კალიგრაფიას, როგორც ხელოვნების ტრადიციულ დარგს, შევქმნით სხვადასხვა სახის წრეებსა და კლუბებს, კალიგრაფიულ სტუდიებს, აღვადგენთ ხელნაწერი წიგნების შექმნის (გადაწერა, მოხატვა, კინძვა, ყდაში ჩასმა…) ტრადიციას და საზოგადოებაში გავაჩენთ ინტერესს ასეთი ხელნაწერებისადმი (ვთქვათ, `ვეფხისტყაოსანი~, სახარება…), დროის მიერ მოტანილი საფრთხეების ზემოქმედება მინიმუმამდე დაიწევს.
_ რა პროექტებს და კონკურსებს გეგმავს მომავალში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის?
_ ცენტრში შექმნილი გვაქვს განათლების დეპარტამენტი, რომლის მიზანია ჩვენი კოლექციისა და სამეცნიერო პოტენციალის მეტი გამოყენება საგანმანათლებლო მიზნებისათვის. გვაქვს თემატური, სასკოლო სასწავლო პროგრამების შესაბამისად მომზადებული გამოფენები (საგანმანათლებლო პროგრამითურთ).
მომავალი წლის დასაწყისში გამოცხადდება უკვე ტრადიციად ქცეული კონკურსი `ქართული კალიგრაფია~. კონკურსში გამარჯვებულებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის ვაპირებთ კალიგრაფიის სკოლა-სახელოსნოს შექმნას…
_ თქვენს ცენტრში უამრავი საინტერესო ხელნაწერია დაცული, თუმცა მათ შორისაა განსაკუთრებით ღირებული და ფასეული ნაშრომები. იქნებ დაგვისახელოთ რემდენიმე უნიკალური ხელნაწერი.
_ ხელნაწერი წიგნი, განსხვავებით ნაბეჭდისაგან, მხოლოდ ერთ ცალად იქმნება. ეს უკვე განსაზღვრავს მის უნიკალურობას. შესაბამისად, ყველა ძველი ხელნაწერი გამორჩეულია _ ტექსტის შინაარსით თუ კალიგრაფიით, მინიატურებითა თუ დეკორით, მოჭედილი ყდითა თუ მდიდრული შემკულობით… ყოველთვის მიჭირს განსაკუთრებული ხელნაწერის გამოყოფა, მიჭირს სუბიექტურად ჩემთვის `საყვარელი~ ხელნაწერების დასახელებაც. ასეთები ასეულობითაა და შესაძლოა მთელ კოლექციასაც მოიცავდეს.
ყოველთვის ამაღლებული განცდაა ჩემთვის ხელნაწერთა საცავში შესვლა. აქ ყველა ხელნაწერი უნიკალურია. ყოველი ხელნაწერის გადაშლისას ახალს და ახალს ნახულობ, ყოველი მათგანი უამრავ ინფორმაციასა და უზარმაზარ მუხტს გაძლევს, რამდენიმე წამშიც კი.
მარიამ კუბლაშვილი