მუნიციპალიტეტის გამგებლის ახალი ინიციატივა, რომელიც კვირაში ერთხელ ტყიბულის გარკვეული პრობლემური მონაკვეთის გაცნობას ითვალისწინებს, უკვე პირველი სამუშაო დღე შედგა. 9 სექტემბერს რობიზონ გვენეტაძემ ქალაქში არსებული პრობლემების ადგილზე დათვალიერება სხვადასხვა სამსახურის უფროსებთან ერთად დაიწყო.
გეგმის მიხედვით ამჟამად მოხდა ტყიბულის ცენტრალური ქუჩის ნაწილზე არსებული პრობლემების აღწერა და რიგი ღონისძიებების დასახვა, რომელიც მათი გადაჭრის გზებს წარმოადგენდა. მუნიციპალიტეტის გამგებელი ტყვარჩელის ქუჩის მოსახლეობასაც შეხვდა და მათ მდგომარეობას გაეცნო, რის შემდეგაც იგი სამსახურის უფროსებთან ერთად 9 აპრილის პარკისა და მიმდებარე ტერიტორიის იერ-სახითაც დაინტერესდა. რობიზონ გვენეტაძე მუზეუმში არსებულ მდგომარეობასაც გაეცნო. პირადად დაათვალიერა ასევე ქალაქის ცენტრალური ქუჩა, რომელიც ქვის ცვენის გამო უკვე წლებია საფრთხის შემცველია. მისივე განცხადებით, უკვე აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც არსებულ საფრთხეს მინიმუმამდე დაიყვანს.
მიმდინარე კვირაში ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების დამონტაჟება დაიწყო. გამგებლის ინფორმაციით, ისინი ძირითადად საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიებზე გაკეთდება. სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები ქალაქის მასშტაბით სულ 21 დამონტაჟდება.
მსგავსი სახის გასვლითი სამუშაო დღე მომავალ კვირაშიც მოეწყობა, რის შემდეგაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები უკვე უბნებში არსებული პრობლემების გაცნობას დაიწყებენ.
თეონა ჯანელიძე