ტყიბულმა რამდენიმე დღის წინ ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალს უმასპინძლა.
ფესტივალის დასკვნითი ეტაპი 27 აგვისტოს ჩატარდა, რომელსაც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის კალენდარში ჩასმულ ფესტივალზე _ “ტყიბული 2014” რვა, ათი, თორმეტი და თექვსმეტ წლამდე ასაკის ვაჟები და გოგონები იღებდნენ მონაწილეობას.
ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალზე ტყიბულის საქალაქო კულტურის ცენტრის ვერცხლის დარბაზში ტყიბულის გარდა საქართველოს 11 ქალაქიდან პატარა მოჭადრაკეებმა მოიყარეს თავი. საპრიზო ადგილები გოგონებსა და ვაჟებზე ასაკის მიხედვით გადანაწილდა. პრიზიორებსა და მათ მწვრთნელებს საჩუქრად ფულადი ჯილდო, მედლები და სიგელები გადაეცათ.
ამავე დღეს დაჯილდოვდნენ ასევე ფესტივალის საუკეთესო მოჭადრაკე ვაჟი და გოგონა, აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვებულები ტყიბულის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეები თამარ ფაშკურიძე და დავით ცქიფურიშვილი გახდნენ. მათ მუნიციპალიტეტის გამგებელმა თვითმმართველობის სახელით სიგლებთან ერთად ფასიანი საჩუქრებიც გადასცა.
ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალი “ტყიბული 2014” დასრულდა. შეჯიბრების შედეგებით გამოწვეულმა ვნებათაღელვამაც ჩაიარა. ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალი სტარტს უკვე მომავალ წელს აიღებს.
თეონა ჯანელიძე