15 სექტემბრიდან საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით 2000-ზე მეტ სკოლაში სწავლა ერთდროულად იწყება.
სხვა სკოლების მსგავსად სასწავლო პროცესი განახლდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში. ამ დღეს წარმომადგენლობითი სტუმრები მუნიციპალიტეტის სკოლებში თითქმის ყველგან იმყოფებოდნენ. მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე თავდაპირველად 15 სექტემბერს მშობლიურ #4-ე სკოლაში მივიდა და მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მან სწავლის განახლება მიულოცა ასევე იმ კლასის დამრიგებელსაც, ვისთან ერთადაც საკუთარი სკოლის წლები განვლო. მასთან ერთად იმყოფებოდა ასევე ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი კახაბერ კუპატაძე, რომელმაც ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი დეტალები მოსწავლეებსა და მათ მშობლებს თითქმის ყველა სკოლაში გააცნო. წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო სკოლებში 151 პირველკლასელი მივიდა.
მუნიციპალიტეტის გამგებელი ამ დღეს რესურსცენტრის უფროსთან ერთად ქალაქის ყველა სკოლაში მივიდა. მათ პირველკლასელებს ის კომპიუტერები დაურიგეს, რომელსაც წელს საქართველოში 42 000-მდე პირველკლასელი და მათი დამრიგებლები სამინისტროსგან საჩუქრად მიიღებენ. წელს აგრეთვე ნახევარ მილიონამდე მოსწავლეს უფასო სახელმძღვანელოები გადაეცემა. უფასო სახელმძღვანელოს მიიღებს პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით საქართველოს საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე. ასევე, კერძო სკოლების სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების წევრი მოსწავლეები, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები, იმ კერძო სკოლების მოსწავლეები, რომლებიც ამ სკოლის პრივატიზებამდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდნენ.
საქართველოს მასშტაბით გრძელდება სასკოლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ახალი სკოლების მშენებლობა. ახალი სასწავლო წლისთვის 400-მდე სკოლას სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. განათლების უწყება 2014-2015 სასწავლო წელს 2 ახალი სკოლით ხვდება, 2014 წლის ბოლომდე კი 6 ახალი სკოლა შევა ექსპლუატაციაში. აქტიურად მიმდინარეობს სკოლების აღჭურვა საჭირო ინვენტარით, 2014 წლისათვის აღიჭურვა 1500-ზე მეტი სკოლა.
ყველა სკოლაში, სადაც არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე, მუშაობს სპეციალური მასწავლებელი და დამხმარე პედაგოგი. 2014 წლის სექტემბრიდან ასეთი სკოლა 900-ზე მეტია. სკოლების მოთხოვნის შესაბამისად გაიზარდა ინტეგრირებული კლასების რაოდენობა. სექტემბრიდან სკოლებში საპილოტე რეჟიმში სამედიცინო კაბინეტი ამოქმედდა. ფსიქოლოგის მომსახურებაზე 700-ზე მეტი სკოლის მოთხოვნის საფუძველზე, დაიგეგმა ფსიქოლოგიური ცენტრების საქმიანობის გადახედვა-გაფართოება.
ზოგადი განათლების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს საფუძვლად უდევს სამინისტროს მიერ ჩატარებული ანალიტიკური სამუშაოები, კვლევების შედეგები და კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და განათლების ექსპერტებთან, რის შედეგადაც, 2014 წელს მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა.
თეონა ჯანელიძე