ერთი წელია, რაც ტყიბულში საფეხბურთო სკოლა ფუნქციონირებს. მასში ამჟამად ოთხმოცამდე ნორჩი ფეხბურთელია გაერთიანებული, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ოთხ გუნდად არიან დაყოფილები. ისინი ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე სისტემატურ წვრთნებს გადიან.

სკოლას სამი ლიცენზირებული, სერტიფიცირებული მწვრთნელი ჰყავს. ვეტერანი ფეხბურთელები – გოჩა გოგიჩაძე, მალხაზ ფორჩხიძე და ლაშა კობახიძე სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში არიან გადანაწილებულნი და ნორჩ ფეხბურთელებს სათანადო წვრთნებს უტარებენ. სკოლას ექთანიც ემსახურება.

სექტემბრის ბოლოდან საფეხბურთო სკოლა ახალი ნაკადის მიღებას გეგმავს, რომელიც 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება. საფეხბურთო სკოლის დირექტორის გია ქარქაშაძის განცხადებით, ჯგუფებს ძირითადად მეორე და მესამე კლასის მოსწავლეებით დააკომპლექტებენ. ამიტომ მსურველებს სინჯებზე მისვლა 15 საათიდან 18 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა, ტყიბულის ცენტრალურ სტადიონზე ყოველდღე შეუძლიათ. სკოლაში სწავლება უფასოა.

ამჟამად საფეხბურთო ჯგუფები მუნიციპალიტეტის მასშტაბით ორპირსა და კურსებშიც ფუნქციონირებს, თუმცა შესაძლოა ისინიც მალე ტყიბულის საფეხბურთო სკოლის შემადგენლობაში შევიდნენ.

 

თეონა ჯანელიძე