მასწავლებელი! _ რაოდენი კეთილი მოგონება და სითბოა დაკავშირებული მასთან, რამდენი ხელოვანისა და მწერლის შემოქმედების წყაროდ ქცეულა იგი. მასწავლებლობაზე საპატიო პროფესია არ არსებობსო. . . და მართლაც რა უნდა იყოს უფრო დიდმნიშვნელოვანი საქმე ვიდრე გზას უკვალავდე ხალხისა და ქვეყნის მომავალს, სწორედ ამ საგმირო საქმის მონაწილე და ღირსეული წარმომადგენელი იყავით ქეთევან მასწავლებელო.
პირველ სექტემბერს სკოლაში უნდა მოსულიყავით, დიდი მონატრებით გელოდა კოლეგები, მოსწავლეები და შენი ხელით მოხატულ-მოქარგული ხელოვნების კაბინეტი, მაგრამ უკურნებელმა სენმა შეიწირა შენი ლამაზი ხალისიანი და შრომით გაუმაძღარი სიცოცხლე.
გიყვარდა სიცოცხლე და ბოლომდე ებრძოლე მუხანათურ სიკვდილს, ვერ იჯერებდი, რომ შეიძლებოდა ავადმყოფობას დაემარცხებინე.
არა! იცოდი ყველაფერი, კარგად იცოდი! და გრძნობდი სიკვდილის მოახლოებას. ორი დღით ადრე დუმილითა და მგრძნობიარე თვალებით შეხვდი სასუფეველში გადასახლებას.
ჯერ კიდევ ბევრი სიკეთის მოტანა შეგეძლო შენი ლამაზი ოჯახისათვის, მეგობრებისთვის, ნაცნობებისთვის და განსაკუთრებით იმ სკოლისთვის სადაც ოც წელზე მეტი იმსახურე, სადაც შენი ნიჭით, დიდი სიყვარულით და ერთგულებით უამრავი ბავშვი აზიარე ხელოვნების მშვენიერ სამყაროს.
წახვედი და სანაცვლოდ დაგვრჩა ღრმა უძირო სევდა და მონატრება.
15 სექტემბერს 61 წელი შეგისრულდებოდა, ამ დღის გეგმა-ჩანახატი შედგენილი გქონდა, სამწუხაროდ შენ ეს ვერ შეძელი, მაგრამ გურნის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და შენი აღსაზრდელები ამ დღეს შენი ხელით შექმნილი ნაშრომების გამოფენას მოაწყობენ, რომელიც კიდევ ერთხელ დაატკბობს მნახველის თვალსა და გულს.
დიდი სიყვარულით და ხსოვნისადმი პატივისცემით გემშვიდობება გურნის საჯარო სკოლა, დაე ჩვენმა მონატრებამ, სიყვარულმა და დანთებულმა სანთლებმა გაგინათოს გზა ზეციურ სასუფეველში.
გურნის საჯარო სკოლის პედკოლექტივი