“გამჭვირვალე და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების პროცესის მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე საქართველოში” – ასეთი სათაური აქვს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის “ადამიანი გაჭირვებაში” ახალ პროექტს, რომელიც იმერეთის სამ რეგიონში – ტყიბულში, თერჯოლასა და სამტრედიაში განხორციელდება.


პროექტის ფარგლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა მრჩეველთა საბჭო, რომელშიც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული: მედიიდან – შპს “ოკრიბანიუსის” დირექტორი გიორგი სულაძე, “მზიანი ღამის” რედაქტორი თენგიზ გაგოშიძე, არაერთი პროექტის ავტორი ირმა ბრეგაძე და მუნიციპალიტეტიდან – ალეკო ბიბილაშვილი – კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, ინგა ფარცხალაძე – ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელი.

მრჩეველთა საბჭოებს სამივე რაიონიდან 4 დღიანი გასვლითი ტრენინგ-სემინარები ჩაუტარდათ ქობულეთში, სადაც პროექტის მენეჯერი ნანა ყურაშვილი, პროექტის კოორდინატორი სოფია გოდუაძე და “საიას” წარმომადგენელი მაკა ცერცვაძე ატარებდნენ შეხვედრებს.

სულ ახლახანს მრჩეველთა საბჭოს ტყიბულში ჰქონდა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პირველი შეხვედრა მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებთან და ტყიბულის სკოლებთან, პედაგოგებთან და ახალგაზრდებთან ერთად.

შეხვედრამ პროექტის მენეჯერის ნანა ყურაშვილის ხელმძღვანელობით საინტერესოდ და შინაარსიანად ჩაიარა. შეხვედრა მიზნად მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების გაცნობას ითვალისწინებდა, რომელიც იმ სამოქმედო გეგმაში უნდა იყოს გათვალისწინებული, რომლის განხორციელებისათვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდება, სამოქმედო გეგმის შემუშავებას კი პროექტის ფარგლებში შექმნილი მრჩეველთა საბჭო უზრუნველყოფს.

პროექტის ფარგლებში საგრანტო კონკურსის წლევანდელი ბიუჯეტი 15000 ლარს შეადგენს და მისი განხორციელებისათვის აუცილებელია 30%-ანი თანადაფინანსება ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანი გაჭირვებაში” ტყიბულში 2006 წლიდან მოღვაწეობს და მისი დაფინანსებით მუნიციპალიტეტში არაერთი პროექტი განხორციელდა.

თენგიზ გაგოშიძე