შუა საუკუნეების საქართველოს ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, სულიერების სავანე, გელათის მონასტერი ოკრიბის მიწაზე მდინარე წყალწითელას ხეობაში 1106 წელს დიდი მეფის დავით აღმაშენებლის თაოსნობით დაარსებულა. მეფე-გვირგვინოსანი ფიზიკურ შრომასაც არ თაკილობდა მშენებლობის პროცესში და ლეგენდის თანახმად ორი უზარმაზარი ქვა მდინარის ხეობიდან ტაძრამდე მარტოს ამოუზიდავს კიდეც. მემატიანე წერს, თუ როგორ ააყვავა და დაამშვენა ეს სამოთხის დარი ადგილი და აღმოსავლეთის „მეორე იერუსალიმში“ თუ როგორ მოუყარეს თავი საქართველოსა და უცხოეთში მყოფ ქართველ საზოგადო მოღვაწეებს, მეცნიერებს, მოაზროვნეებს, რომელთა შორისაც აქ უმოღვაწიათ დიდ ფილოსოფოსს იოანე პეტრიწს, არსენ იყალთოელს, პეტრე გელათელსა და სხვებს. გელათის აკადემია იქცა არა მარტო საეკლესიო ცხოვრების, არამედ განათლებისა და ფილოსოფიური აზროვნების უმაღლეს ცენტრად.
საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე გელათის საკათედრო ტაძარში აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობით დაინტერესდა. ტაძრის წინამძღვარმა მამა იოსებმა პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის თაყვანისსაცემად სადიდებელი პარაკლისი აღავლინა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში და იქადაგა სამყაროს მფარველის, ჯვრის მნიშვნელობასა და მადლმოსილებაზე. მან ზეთისცხების საიდუმლოც აღასრულა, დალოცა და აკურთხა ერი და ბერი სარწმუნოებაში გასაძლიერებლად.
მაჟორიტარმა დეპუტატმა გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია-რეკონსტრუქციაზე მომუშავე კომპანიის წარმომადგენლებთან საუბრისას მიიღო პირობა, რომ აღდგენითი სამუშაოები მაქსიმალური სიფრთხილითა და მოწიწებით წარიმართება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.
ნანა რაზმაძე
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესმდივანი