ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის კიდევ ერთი გასვლითი სამუშაო დღე 3 ოქტომბერს შედგა. რობიზონ გვენეტაძე ქალაქში არსებული პრობლემური საკითხების ადგილზე გაცნობას და ამ პრობლემების გადასაჭრელად რიგი ღონისძიებების დასახვას სამსახურის უფროსებთან ერთად კვლავ აგრძელებს.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა მორიგი გასვლითი სამუშაო დღე ინფრასტრუქტურული ობიექტების დათვალიერებით დაიწყო. ის ჯერ უმწეოთა სასადილოს მიმდებარე ტერიტორიაზე ბეტონისსაფარიანი გზის მოწყობის პროცესით დაინტერესდა, შემდეგ კი სამსახურის უფროსებთან ერთად კეცხოველის ქუჩაზე მდებარე სკვერი დაათვალიერა. რობიზონ გვენეტაძე ცენტრალურ ქუჩაზე არსებული ნახევრად დანგრეული და მიტოვებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობითაც დაინტერესდა, რომელიც ქალაქის იერსახეს აფუჭებს.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა სამსახურის უფროსებთან ერთად სანაპიროს გასწვრივ მდებარე დაზიანებული მოაჯირებიც დაათვალიერა. მისი განცხადებით 2015 წელს შესასრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტების რიცხვში აუცილებლად იქნება ჩასმული აღნიშნული მოაჯირების რეაბილიტაცია.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების ახლოს გაცნობას სამშაბათიდან სოფლებში დაიწყებენ.
ელისო ჭანტურიძე