მედია-პროექტ “ეტალონის” ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში ტყიბულს ეწვია.
მან შეხვედრა თავდაპირველად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებთან გამართა, რომელსაც იმერეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე ალექსანდრე იოსებაშვილი და “პრივატბანკის” ტყიბულის ფილიალის მმართველი გიორგი ობოლაძე ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან კახაბერ კუპატაძესთან ერთად ესწრებოდნენ. შეხვედრაზე თვითმმართველობასა და “ეტალონს” შორის ურთიერთთანამშრომლობა შედგა, რის შედეგადაც სამომავლო გეგმები დაისახა.
ამ დღეს “ეტალონის” წამყვანი მეექვსე საჯარო სკოლაში შეკრებილ მოსწავლეებსაც შეხვდა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აქტიურ მოსწავლეებს გოჩა ტყეშელაშვილმა “ეტალონის” კითხვების კრებული გადასცა. გადაცემის წამყვანმა ახალგაზრდების მოტივირებისა და განათლების დანიშნულების შესახებაც ისაუბრა.
გოჩა ტყეშელაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას “პრივატბანკის” ახალი შეთავაზებაც გააცნო, რის შემდეგაც ბანკის წარმომადგენელმა მოსწავლეებს “იუნიორ ბანკის” შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აქვე ცნობილი გახდა, რომ “პრივატბანკი” მოსწავლეებს ბიზნეს სკოლაში გაკვეთილებზეც ეპატიჟება, რომელიც ყველა მაღალკლასელს სურვილის მიხედვით საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ სკოლაშივე ჩაუტარდება.
გადაცემის წამყვანმა ახალგაზრდებს შეხვედრის ბოლოს თანამშრომლობა და საიტისთვის ნარკვევის დაწერა შესთავაზა.
თეონა ჯანელიძე