11 ოქტომბერს ტყიბულში რაგბის ფესტივალი ჩატარდა. ამ დღეს ცენტრალურ სატდიონზე დასავლეთ საქართველოს ოცი გუნდის 400-მდე მონაწილემ მოიყარა თავი. აღნიშნული ფესტივალი წელიწადში ორჯერ იმართება და ჩვენმა ქალაქმა მას უკვე მეორედ უმასპინძლა.
ფესტივალს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებთან ერთად ჩამოსული სტუმრებიც დაესწრნენ. ამ დღეს ტყიბულში იმყოფებოდნენ საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი გორგასლიძე და რაგბის კლუბ “ტულუზას” განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი საფრანგეთიდან:
“საქართველოში ჩამოსვლა ჩემმა ქართველმა, ქუთაისელმა მეგობარმა შემომთავაზა, ის “ტულუზას” კლუბში ერთ-ერთ პოზიციაზე მუშაობს ჩემთან ერთად. მთხოვა, ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა აქაური გუნდებისათვის და რჩევები მიმეცა მათთვის, რაც ვფიქრობ, ძალიან წაადგებათ შემდგომი თანამშრომლობისათვის. რაც შეეხება ტყიბულს, ძალიან მომეწონა ეს პატარა ქალაქი. იგი გავს საფრანგეთს, ისიც მთებითაა გარშემორტყმული. ძალიან მომხიბლა ამ მოედანმა, რომელიც ულამაზეს ბუნებაშია ჩაფლული და რაც მთავარია, ვნახე რაგბი ასეთ მთებში. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ აქ ბავშვები ასეთ ხარისხიან რაგბს ითამაშებდნენ. მე მინდა ამ ქალაქს რაგბის განვითარება ვუსურვო!” – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ფილიპ ღუჟეტომამ.
ტყიბულში რაგბის სკოლა ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა და მასში სხვადასხვა ასაკის 62 ბავშვია გაერთიანებული, რომლებიც ასაკის მიხედვით რამდენიმე ჯგუფში არიან გადანაწილებულნი.
ფესტივალის დასარულს ყველა მონაწილეს ორგანიზატორებისაგან დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა. რაგბის ფესტივალი ტყიბულში საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით ჩატარდა.
თეონა ჯანელიძე