„ტყიბულქალაქობის“ აღნიშვნა ქალაქის დალოცვით დაიწყო, რომელიც ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა მეუფე გიორგი (შალამბერიძემ) აღასრულა.
დღესასწაულის აღსანიშნავად ქალაქი საგანგებოდ მოემზადა. დღესასწაულს საფუძველი 1997 წლის 18 ოქტომბერს ჩაეყარა და მას შემდეგ ის პერიოდულად იმართებოდა. წელს კვლავ აღდგა “ტყიბულქალაქობის” აღნიშვნის ტრადიცია და სახალხო დღესასწაულის ფარგლებში დღის მანძილზე არაერთი ღონისძიება იქნა დაგეგმილი.
“შემოდგომის ფერები” – ასე ერქვა ღონისძიებას, რომლითაც საბავშვო ბაღის აღსაზრდელები “ტყიბულქალაქობას” შეუერთდნენ.
ამავე დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა კარლო ლომაძის ბიუსტის გახსნა. სახალხო დღესასწაულში ქალაქთან ერთად სასოფლო თემებიც აქტიურად ჩაებნენ. ღია ცის ქვეშ მათ ეთნოგრაფიული ოკრიბა წარმოადგინეს. ამ დღეს ყველა თემმა თავიანთი კუთხისათვის დამახასიათებელი ფოლკლორი და სამზარეულო წარმოაჩინა. მოეწყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა ნამუშევრების, ასევე ხალხური რეწვისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ნიმუშების გამოფენა.
სახალხო დღესასწაულს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე და იმერეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე ალექსანდრე იოსებაშვილი დაესწრნენ. უამრავ მოწვეულ სტუმართა შორის იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების გამგებლები იმყოფებოდნენ.
“ტყიბულქალაქობის” დღესასწაულზე საპატიო მოქალაქეებიც დასახელდნენ. ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ და გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ მათ მუნიციპალიტეტის სახელით მედლები და სიგელები გადასცეს. ამ დღეს ქალაქის საპატიო წოდება რვა მოქალაქემ მიიღო. ესენი არიან: ელგუჯა გოცირიძე, ანრო ცირეკიძე, ნოდარ ვახტანგაძე, ციალა ჩაფიძე, მევლუდ ზოსიაშვილი, ვახტანგ ფორჩხიძე, მეუფე ანანია (ჯაფარიძე) და დავით ბეჟუაშვილი.
“ტყიბულქალაქობა 2014” საზეიმო ღონისძიებით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა მიიღეს. კონცერტი ტყიბულის ჰიმნით გაიხსნა, რომელსაც ქართული სულით გაჯერებული საცეკვაო ნომრები მოჰყვა. ღონისძიებაზე სადებიუტო ნომრებიც შესრულდა. მოეწყო სპორტსმენთა საჩვენებელი გამოსვლა. კონცერტი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დასრულდა.
თეონა ჯანელიძე