28 ნოემბერს ტყიბულის საჭადრაკო სკოლაში ჩვენი ქალაქის სპორტული ისტორიის საღამო მოეწყო.
ღონისძიების ორგანიზატორი ტყიბულის სპორტული ცენტრი იყო. „ვიცოდეთ საიდან მოვდივართ“ – ეს ფრაზა მიჰყვებოდა ლაითმოტივად აღნიშნულ პატარა კაფე-საღამოს, რომელსაც ტყიბულისთვის და ტყიბულელებისთვის ნაცნობი და პატივსაცემი ვეტერანი სპორტსმენები ესწრებოდნენ, რომელთაც წლების წინ არაერთი წარმატება და გამარჯვება მოუტანეს საკუთარ ქალაქს. მათგან უმეტესობა დღესაც ემსახურება ტყიბულს და თავის ცოდნასა და გამოცდილებას მომავალ თაობას გადასცემს.
ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბონდო კუბლაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
საღამო საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო, აქვე გაიხსენეს გარდაცვლილი სპორტსმენებიც და მათ ხსოვნას წუთიერი დუმულით პატივი მიაგეს. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ტყიბულის სპორტული ისტორია და მიღწევები შეახსენეს. გაიხსენეს ყველა ის სპორტსმენი, რომელთაც ტყიბულის სახელით სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებით იასპარეზეს და ქალაქის სახელი გაიტანეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ღონისძიების მიმდინარეობისას პროექტორზე ნაჩვენები იქნა ასევე სპორტული ცხოვრების ამსახველი ფოტოარქივიც. საღამოს მუსიკალური ნომრებით მეექვსე და მეხუთე საჯარო სკოლების მოსწავლეები ნორჩ სპორტსმენებთან ერთად ამრავალფეროვნებდნენ.
თეონა ჯანელიძე