გელა გიორგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი „იმერეთის პირველობა“ გაიმართა კუნგ-ფუში 13 დეკემბერს,
რომელსაც ტრადიციულად კლუბ „რატის“ დარბაზმა უმასპინძლა. ტურნირი უკვე 10 წელია, რაც ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე იმართება და მასში ძირითადად ახალბედა სპორტსმენები მონაწილეობენ. პირველობაში ჩართული იყვნენ ზესტაფონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ტყიბულის გუნდები _ სულ 72 სპორტსმენი.
ტურნირის გახსნაზე ორგანიზატორებმა გაიხსენეს გელა გიორგაძე და მისი წვლილი ტყიბულში ორთაბრძოლების კლუბის ჩამოყალიბების საქმეში. ღონისძიებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე ესწრებოდა, რომელმაც ახალგაზრდების შემართებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას განსაკუთრებული ხაზი გაუსვა და ყველას წარმატებები უსურვა.
ტყიბულის გუნდმა საჩვენებელი გამოსვლა წარმოადგინა. სპორტსმენები 15 წონით კატეგორიაში იყვნენ გადანაწილებულნი, მათ შორის, როგორც ვაჟები, ასევე გოგონები. ჩვენი ქალაქის სახელით ტურნირზე კლუბი „რატი“ და კარატეს სკოლა ასპარეზობდნენ. დაძაბული ბრძოლების შედეგად გუნდური პირველი ადგილი 12 ჩემპიონით კლუბმა „რატიმ“ დაიკავა. მეორე ადგილზე ზესტაფონის კლუბი „ავაზა“ გავიდა, ხოლო მესამე ადგილი თერჯოლის „ხეობის მგლებმა“ აიღეს.
ტურნირის გამარჯვებულებს საჩუქრად მედლები და დიპლომები გადაეცათ.
ნათია მურუსიძე