დღეს ბარბარობაა. ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვა ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში აღევლინება. ასეთ დღეებში განსაკუთრებული სიმრავლე შეინიშნება ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. 17 დეკემბერს სადღესასწაულო წირვას ტყიბულის მრევლთან ერთად მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე ესწრებოდა. ამ დღეს ღვთისმსახურება ტაძარში ეკლესიის წინამძღვარმა მამა იოანემ აღავლინა.
წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. იგი მალე დაქვრივდა. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისაგან მოშორებით იზრდებოდა. ღვთის განგებით, მან გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა. როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული სულ გადაავიწყდა და შვილი მოსაკლავად გაიმეტა. წმიდა ქალწული თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელიც არ დასჯერდა წმიდა ბარბარეს წამებას და ბრძანა, ქალიშვილი შიშველი გამოეყვანათ ქალაქში. მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა – წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე გონებადაბნელებულმა მამამ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს. დიოსკორე და ქალაქის მმართველი იმავე დღეს დაისაჯნენ ამ საშინელი საქციელისათვის, – ისინი მეხმა ფერფლად აქცია
წმიდა ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის.
ნათია მურუსიძე