მუნიციპალიტეტის გამგებელი მორიგი გასვლითი სამუშაო დღის ფარგლებში სოფელ მუხურაში იმყოფებოდა. რობიზონ გვენეტაძემ შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად ის ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერა, რომელიც სოფლის მხარდაჭერი პროგრამით წელს აღნიშნულ სოფელში გაკეთდა. 15 651 ლარი სოფლის შიდა გზების მოწყობას მოხმარდა. აღნიშნული თანხით მოხდა ასევე მუხურა-მუჯირეთის დამაკავშირებელი მონაკვეთის შეკეთებაც. სოფლის მხარდაჭერის პროგრამითვე გადაიხურა სოფლის ამბულატორია. შენობაში დიდი ხნის მანძილზე წყალი ჩამოდიოდა და ამიტომ მისი გადახურვის საჭიროება სოფელმა თავად დააყენა. სოფლის ამბულატორია ამჟამად ყოფილი საავადმყოფოს შენობის ნაწილშია განთავსებული. იქ არსებულ მდგომარეობას მუნიციპალიტეტის გამგებელი ადგილზევე გაეცნო.

  რობიზონ გვენეტაძემ ამ დღეს სოფლის ცენტრში არსებული აღდგენილი მემორიალიც მოინახულა, რომლის შეკეთებაზეც 1 500 ლარი იქნა დახარჯული. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით წელს მუხურაში სასმელი წყლის რეაბილიტაციაც მოხდა, რისთვისაც სულ 9 865 ლარი გამოიყო. საკვირაოს უბანში შეკეთდა ასევე წყარო.

  რობიზონ გვენეტაძე ამავე დღეს მუხურის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემებით დაინტერესდა. გამგებელმა მათ შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება აღუთქვა.

  მუნიციპალიტეტის გამგებელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგს წლის ბოლომდე ყველა თემში დაასრულებს.

თეონა ჯანელიძე

https://www.youtube.com/watch?v=HstiYEcxJqk