შეზღუდული შესაძლებლობების პირთა რესოციალიზაციისა და ადაპტაციის მიზნით ტყიბულში უკვე დიდი ხანია ორგანიზაცია „ნაბიჯი-ტყიბული“ შეიქმნა, რომლის დამფუძნებელიც გიგა სოფრომაძეა. იმის გამო, რომ განსაკუთრებული საჭიროების პირების პრობლემები მისთვისაც უცხო არ არის, გიგამ მათ დასახმარებლად მუნიციპალიტეტის მასშტაბით მდგომარეობა შეისწავლა და დღის ცენტრის გახსნა გადაწყვიტა.
ცენტრის სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, გეგმაშია მის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების შექმნა, სადაც პირველ რიგში მუშაობისათვის შესაბამისი შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარები და მათი ოჯახის წევრები დასაქმდებიან. ცენტრის გასახსნელად ყოფილი მერვე საბავშვო ბაღის შენობა შეირჩა, რის შემდეგაც მისი იჯარით გადაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამგეობასთან მიმდინარეობდა. 31 დეკემბერს კი უკვე აღნიშნული შენობა 10 წლის ვადით ორგანიზაცია „ნაბიჯი-ტყიბული“-ს სარგებლობაში გადასცეს. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ ამ დღეს ხელი თავად მოაწერა.
შეხვედრას ამ დღეს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან შესაბამისი სამსახურის უფროსებთან ერთად გამგებლის მოადგილეები – შალვა გაბრიაძე, შალვა ჯიშკარიანი და სოფიო ბოჭორიშვილი ესწრებოდნენ.
თეონა ჯანელიძე