იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ პროექტის ფარგლებში, „ალტერნატიული და განახლებადი ენერგოტექნოლიეგიების დანერგვა საქართველოს მაღალმთიან რაიონებში“, ტყიბულის N3 საბავშვო ბაღში დამონტაჟდა მზის სისტემა, რომელიც განკუთვნილია ცხელი წყალმომარაგებისათვის. პროექტი ხორციელდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა და გაეროს განვითარების პროგრამის მცირე გრანტების პროგრამის მახრდაჭერით.

პროექტის ხელმძღვანელის, იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“-ს გამგეობის თავმჯდომარის ქეთევან ცხაკაიას განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს ცხელი წყალმომარაგებისათვის მზის სისტემების დამონტაჟებას ორ ობიექტზე. ერთ-ერთი მათგანია ტყიბულის N3 საბავშვო ბაღი, ხოლო მეორე – ფერმერული მეორნეობა მესტიის რაიონის სოფელ იფარში.

პროექტის მიზანია თანამედროვე ელექტროეფექტური ტექნოლოგიების დემონსტრირება, ზოგადად, იმისთვის, რომ პროპაგანდა გაეწიოს ენერგოეფექტურობასა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას საქართველოში. პროექტის ხანგრძლივობა 15 თვეა და საქართველოს 3 რეგიონში: იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ზემო სვანეთში მიმდინარეობს. პროექტი მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

11275612_913869315336732_562608864_n

ასევე პროექტით გათვალისწინებულია საგანმანათლებლო კომპონენტი, კერძოდ, ტრენინგები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის. სკოლებში გაკვეთილები   ჩატარდება განახლებადი ენერგიის წყაროების და ენერგოეფექტურობის შესახებ. მოეწყობა ტელე და რადიო გადაცემები.

27 მაისს ტყიბულის N3 საბავშვო ბაღში გაიმართა დამონტაჟებული ჰელიოსისტემის შესაძლებლობების პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ პროექტის ხელძღვანელები, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, საბავშო ბაღის პედაგოგები, ბავშვების მშობლები და მოწვეული სტუმრები.

აღნიშნული პრეზენტაცია გაიმართა სამოქალაქო კვირეულის ფარგლებში, რომელიც ტარდება სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის „სიდას“ ორგანიზებით. აღნიშნული ქსელის წევრებია როგორც „სპექტრი“, ასევე ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი. შეხვედრაზე ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო რეგიონული ქსელის, მასში გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის საქმიანობას.

საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა, ამ დღის აღსანისნავად და სტუმრების საპატივცემულოდ, საზეიმო კონცერტი გამართეს.