სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნაში ერთმანეთს თემურ ხუციშვილი, ანრო ცირეკიძე და ზემფირა გუმბერიძე შეეჯიბრნენ. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცათ.
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნაში კონკურსი მეორედ ჩაატარა. 1999 წლის შემდეგ უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საპაექროდ „ვეფხისტყაოსნის“ მცოდნეები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. კონკურსის დაწყებამდე კი სცენაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლის მოსწავლეები ავიდნენ და პოემიდან ნაწყვეტები წაიკითხეს.
შემდეგ კი ერთმანეთს სამი კონკურსანტი შეეჯიბრა. ზემფირა გუმბერიძე კონკურსს თავიდანვე გამოეთიშა, ხოლო თემურ ხუციშვილი და ანრო ცირეკიძე ჟიურის მიერ მითითებულ სტროფებს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ჰყვებოდნენ.
„ძალიან გახარებული ვარ მასპინძელთა კეთილგანწყობით, ჩემი კონკურენტის სიძლიერით, ჩვენ ერთმანეთს 16 წლის წინაც შევხვდით. მაშინ ბატონი თემური ვერ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის და ძალიან სასიამოვნოა, რომ მან გამიწია ღირსეული მეტოქეობა“, – ამბობს ანრო ცირეკიძე, რომელიც უკვე მეოთხე კონკურსში მონაწილებს და ოთხივე შემთხვევაში პირველი ადგილის მფლობელი გახდა. მისი თქმით, მსგავსი კონკურსით, წიგნთან ზურგშექცეული ახალგაზრდობა წიგნისკენ მობრუნდება.
ახალციხელი თემურ ხუციშვილი 19 წლის წინ გამართულ კონკურსს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ ანრო ცირეკიძემ სრულიად სამართლიანად გაიმარჯვა. ახლა კი წინა კონკურსის გამოცდილებიდან გამომდინარე კონკურსანტებს უკეთესად მომზადებული შეხვდა.
„თავიდან ცუდ ხასიათზე დავდექი რომ გავიგე ასეთი ძლიერი მეტოქეები მეყოლებოდნენ. ჩემთვის „ვეფხისტყაოსანი“ ყველაფერია, ძალიან მიყვარს და მეხუთე საჯარო სკოლაში შევქმენი კიდეც „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეთა კლუბი“, – ამბობს თემურ ხუციშვილი.
საბოლოოდ ჟიურის გადაწყვეტილებით ორი პირველი ადგილის მფლობელი გამოვლინდა. ანრო ცირეკიძემ და თემურ ხუციშვილმა ფულადი ჯილდო 1 000– 1 000 ლარი მიიღეს.
„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. 2016 წელი კი „ვეფხისტყაოსნის“ წლადაა გამოცხადებული. ამასთან დაკავშირებით სამცხე–ჯავახეთის სამხელმწიფო უნივერსიტეტი „ვეფხისტყაოსნის“ მცოდნეთა გამოსავლენად კონკურსს მომავალ წელსაც ჩაატარებს.
„ინტერესი ამ წიგნის მიმართ საქართველოში არსებობს.“ ვეფხისტყაოსანში“ ბევრი კითხვის პასუხია, მე პირადად ხშირად ვკითხულობ, დამშვიდებისთვის კი არა, არამედ იმიტომ, რომ პასუხი მივიღო ზოგიერთ საკითხზე, ის არის წიგნთა წიგნი“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე.
თამარ თოთაძე, ახალციხე „სამხრეთის კარიბჭე“