“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED)” ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ორგანიზაციის ბორდმა ახალ აღმასრულებელ დირექტორად “სამართლიანი არჩევნების” პროგრამების მენეჯერი მიხეილ ბენიძე აირჩია.
ახალი ხელმძღვანელი მედიას დღეს ISFED-ის უკვე ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ წარუდგინა.
ბენიძე ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხს პორტოს ბიზნეს სკოლისგან და არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი. ბენიძე “სამართლიან არჩევნებში” 2010 წლიდან მუშაობს, ორგანიზაციაში ის ხელმძღვანელობდა ISFED-ის განვითარების პროექტებს, მუშაობდა არჩევნების პორტალის მენეჯერად; უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩართული იყო, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მისიების (EPDE და ENEMO) მართვასა და ადმინისტრირებაში.
მიხეილ ბენიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე ნინო ლომჯარია შეცვალა, რომელიც გასული ოთხი წლის განმავლობაში “სამართლიან არჩევნებს” ხელმძღვანელობდა. ორგანიზაციის წესდების მიხედვით, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის მაქსიმალური ვადა 4 წელია. ბორდმა გასაუბრების შედეგად ახალი დირექტორი აირჩია, რომელიც მუშაობას 2016 წლის 18 იანვრიდან შეუდგება. რაც შეეხება ნინო ლომჯარიას, ის ორგანიზაციაში საარჩევნო და სამართლებრივ საკითხებში კონსულტანტად რჩება.