ტყიბულში მეექვსე დღეა მეშახტეები გაფიცულები არიან. მათი ძირითადი მოთხოვნაა ხელფასების მომატება. აქციის მონაწილეების თქმით, 2016 წლიდან ტყიბულს მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი მოეხსნა, რის გამოც დასაქმებულებს ხელფასებზე იანვრიდან 10%-ის ნაცვლად 20% ექვითებათ.
გაფიცულმა მეშახტეებმა დღეს მინდელის სახელობის შახტიდან ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გადაინაცვლეს. მათ გამგეობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები საკუთარი მოთხოვნების გასაცნობად ტყიბულის გამგებელთან რობიზონ გვენეტაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ,.გამგებელთან რამდენიმე მეშახტე შევიდა და გაფიცული მეშახტეების მოთხოვნები გააცნო.რის შემდეგაც გამგეობასთან შეკრებილ მეშახტეებთან მივიდა გამგებელი და პირადად მოისმინა მეშახტეთა მოთხოვნები.
რობიზონ გვენეტაძემ შეკრებილ მეშახტეებს უთხრა, „რომ გამგეობა 24 საათიან რეჟიმშია ჩართული იმ პრობლემების გადაწყვეტაში რაც არსებობს კომპანიასა და დასაქმებულს შორის. ის მეშახტეებს მხარს უჭერს ყველა იმ სოციალური საკითხის გადაწყვეტაში რაც მათ კანონის შესაბამისად აქვთ მოთხოვნილი, ხოლო თუ კი ეს გაცდება კანონის ფარგლებს და გადაიზრდება სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ ის გაემიჯნება ამ პროცესს“.
გამგეობასთან მეშახტეების აქციაზე, ტყიბულის ბაზარში დასაქმებულები მივიდნენ და მეშახტეების მხარდაჭერა გამოხატეს.