სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტომაშ პერნიცკი იმერეთის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) ფარგლებში ჩეხური ორგანიზაციის ,,ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები დაათვალიერეს და მათ საქმიანობას გაეცვნენ.
ნოდარ კერესელიძე და ტომაშ პერნიცკი ხარაგაულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების – ,,სარგო“, ,,მეღვინეობა კიცხი“ და ,,მეღვინეობა საზანო“ს- წევრებს შეხვდნენ და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნენ.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „სარგო“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კოოპერატივში გაერთიანებულია 7 მეპაიე. 2015 წლის თებერვალში მათ მიიღეს 35 000 ევრომდე მოცულობის გრანტი, რომლითაც შეიძინეს რძის 2 გამაციებელი, პასტერიზატორი და რძის დოზატორი. კოოპერატივი „სარგოს“ რძის გადამამუშავებელი საწარმო რძეს ასევე იბარებს სოფლის მოსახლებიდან. კოოპერატივი პასტერიზებულ რძეს და მაწონს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაციას ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ახორციელებს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „მეღვინეობა კიცხი“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კოოპერატივში გაერთიანებულია 6 მეპაიე. კოოპერატივს 35 000 ევრომდე მოცულობის გრანტი აქვს მიღებული. კოოპერატივის ძირითადი საქმიანობა არის მეღვინეობა – ციცქასა და ცოლიკაურის ჯიშის ყურძნისგან ღვინის დაყენება, ჩამოსხმა და ჭაჭის არყის გამოხდა.
სასოფლო – სამეურნეო კოოპერატივი „მეღვინეობა საზანო“ მდებარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტში, კოოპერატივში გაერთიანებულია 6 მეპაიე. კოოპერატივი ახორციელებს ბიოყურძნის მოყვანას, ყურძნის გადამუშავებას და ღვინის წარმოებას. კოოპერატივმა მიიღო 35 000 ევროს მოცულობის გრანტი, ტრაქტორი და ყურძნის გადამამუშავებელი დანადგარები.
კოოპერატივების წევრებთან შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, რომ სასოფლო – სამეურნეო კოოპერატივების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. კოოპერაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, ადგილობრივი წარმოების ზრდას, მოსახლეობის დასაქმებას და სოფლად სიღარიბის დაძლევას.
როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა, ტომაშ პერნიცკიმ აღნიშნა, ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობისთვის არაერთი პროექტი ხორციელდება. მისასალმებელია, რომ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და ENPARD-ის დაფინანსებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები შეიქმნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმებას და მათი შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ კოოპერატივის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ახალი სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რომელიც მესაქონლეობის კოოპერატივების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
კოოპერატივების წევრებთან შეხვედრას ჩეხეთის საელჩოს, ჩეხური ორგანიზაციის ,,ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN), ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანას“ წარმომადგენლები, ხარაგაულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ.
ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიცკიმ და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ, კოოპერატივ “მეღვინეობა კიცხის” ხელმძღვანელს ჰამლეტ ბერაძეს “ენპარდის” პროგრამის ფარგლებში შეძენილი ტრაქტორის სანომრე ნიშანი გადასცეს.