15-17 აპრილს, ბორჯომში საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „კონფლიქტები და ადამიანის უფლებები“, სადაც განიხილეს კონფლიქტურ და პოსტ-კონფლიქტურ სიტუაციებში ადამიანის უფლებების დაცვის, როგორც ეფექტური მექანიზმის მნიშვნელობა კონფლიქტების ტრანსფორმაციის კუთხით; ასევე, მედიის როლი კონფლიქტების მოგვარებასა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში.
აღნიშნული ტრენინგის კურსი მოიცავდა სალექციო ნაწილს, კონკრეტული მაგალითების განხილვას, სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებასა და ჯგუფურ სამუშაოს; განხილულ თემებს შორის იყო შემდეგი საკითხები – გლობალური კონფლიქტები და მათი გავლენა ადამიანის უფლებების დაცვაზე, სამოქალაქო საზოგადოების როლი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონულ და გლობალურ კონფლიქტებში, კონფლიქტის გააზრების ანალიტიკური ინსტრუმენტები, მედია, როგორც კონფლიქტის ერთ-ერთი აქტორი, „ომი ტერორიზმის წინააღმდეგ“ – მიღებული შედეგები, უსაფრთხოება და უშიშროება, რელიგიები და მათი როლი კონფლიქტებში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა.
ტრენინგს უძღვებოდა კონფლიქტების თემაზე საერთაშორისო ექსპერტი და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი იორგენ იოჰანსენი. მასში მონაწილეობა მიიღო კონფლიქტების, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების თემატიკაზე მომუშავე ჩვიდმეტმა ჟურნალისტებმა, მათ შორის რეგიონალური მედიის წარმომადგენლებმა. სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
ჟურნალისტებისთვის ტრენინგი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული „სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის მხარდაჭერა“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემია მომავალშიც განაგრძობს ჟურნალისტებისთვის ტრენინგების ორგანიზებას, ადამიანის უფლებების შესახებ მათი ცოდნის გაღრმავების, ჟურნალისტური ეთიკის, ანალიტიკური უნარების გაუმჯობესებისა და ჟურნალისტური მასალის მაღალკვალიფიციურად მომზადების მიზნით.
საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ვებგვერდის ინფორმაცია და ფოტოები.