რამდენიმე დღის წინ, შაორის ტბაზე ტრაგედია დატრიალდა, რასაც ორი ახალგაზრდის – 21 წლის ლევან ჭელიძისადა 19 წლის ბექა ფონჯავიძის სიცოცხლე შეეწირა.
ლევანი ამბროლაურში ცხოვრობდა, ბექა კი – სოფელ კრიხში. ადგილობრივების თქმით, ორივე გამორჩეულად კარგი ბიჭი იყო. ისედაც დაცლის პირას მისულ რაჭისთვის, მათი დაღუპვა უდიდესი ტრაგედიაა. ბიჭები შაორზე ღამით თევზაობდნენ, უბედურებაც ამ დროს დატრიალდა. გვესაუბრება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი სოფელ კრიხში როხა კუბლაშვილი:
– წარმოუდგენელი უბედურება დაგვატყდა თავს, ძალიან კარგი ბიჭები გამოგვეცალნენ ხელიდან; ბიჭები, რომლებიც ახლა იწყებდნენ ცხოვრებას, მათ კი შთამომავალიც არ დარჩათ. ბექა დედისერთა იყო და ოჯახს მის მეტი არავინ ჰყავს, ლევანს ძმა კი ჰყავს, მაგრამ როდის იყო, რომ შვილი შვილს ცვლიდა! ორი ოჯახი განადგურდა!
– მაინც როგორ მოხდა ეს ტრაგედია?
– ბიჭები შაორზე ღამით წავიდნენ სათევზაოდ. ამბროლაურში შაორის წყალსაცავზე სათევზაოდ ბევრი ხალხი დადის; ზოგს რეზინის ნავიც კი აქვს ამისთვის შეძენილი.ბექა და ლევანიც რეზინის ნავით იყვნენ და როგორც ჩანს, სათევზაო ბადე რომ გადააგდეს ნავიდან, წყალში ხეს გამოედო, ნავი აყირავდა და ბექა გადაიყოლა. ბექა იმიტომ, რომ ახლომახლო მყოფმა სხვა მოთევზავეებმა გაიგონეს, ბიჭი როგორ იძახდა: – დავიხრჩობი, ცურვა არ ვიციო. ცურვა კი ბექამ არ იცოდა, მერე რა მოხდა არავინ იცის ზუსტად, ლევანმა, სავარაუდოდ, სცადა მიხმარებოდა მეგობარს, მეთევზეები ამ ადგილთან ახლოს რომ მივიდნენ, ნავი ცარიელი ტივტივებდა და სხვა აღარაფერი ჩანდა, ძებნა მაშინვე დაიწყეს, დილამდე ეძებდნენ…
ბიჭების ცხედრები ნაპირთან ახლოს იპოვეს, ორივე ერთად იყო. როგორც ჩანს, საუბედუროდ, ის მოხდა, რაც იმ დროს ხდება ხოლმე, როცა ადამიანი იხრჩობა… ის, ვინც ცურვა არ იცის, მაშველს გამეტებით ეჭიდება, საბოლოოდ ორივე ერთად იხრჩობა… აი, ასეთი ტარაგედია დაგვემართა, რაც ადვილი გადასატანი არ არის ჩვენთვის…
P.S.
ამბროლაურელების
თქმით, შაორის ტბაზე ბადით თევზაობის აკრძალვა ადგილობრივებს აიძულებს, რომ ღამით ითევზაონ, ამიტომაც მომხდარში დამნაშავედ იქაურები გარემოს დაცვის სამინისტროსაც მიიჩნევენ. “რაჭა ისედაც იცლება და გარემოს დაცვის სამინისტრო ამას ხელს უწყობს… როცა შაორზე რაჭველს თევზაობის უფლებასაც ართმევ, ამით დამატებით აიძულებ, რომ რაჭა მიატოვოს. ნუთუ არ უნდა იყოს ისეთი რეგულაციები, რომელიც ჩვენს კუთხეში ცხოვრებას ხელს კი არ შეუშლის, არამედ შეუწყობს”? – კითხულობენ რაჭველები.
“კვირის პალიტრა” გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
წყარო – “კვირის პალიტრა“ www.kvirispalitra.ge ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)