რვა წლის წინ 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს ომი ღიად გამოუცხადა და მის ტერიტორიაზე შემოიჭრა. ჩრდილოელ მეზობელს ახლა ერთი კონკრეტული სახელი აქვს _ ოკუპანტი.
რამდენიმე დღე იბომბებოდა დამოუკიდებელი ქვეყნის კომფლიქტური და არაკომფლიქტური რეგიონების ქალაქები. რუსეთის ტანკებმა დაიკავეს გორი, ხაშური, ქარელი, სენაკი, ფოთი და ზუგდიდი. პარალელურად ააწიოკეს და გაძარცვეს მშვიდობიანი მოსახლეობა, იყო გაუპატიურების ფაქტებიც. ომის დღეებს არაერთი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ომში დაღუპული მეომრები და გატაცებული ტყვე ტყიბულის მუნიციპალიტეტიდანაც აღმოჩნდა. 13 აგვისტოს თბილისიდან მშობლიურ ქალაქში მიმავალი 25 წლის გოგონა გორთან ჩასაფრებული ოსი სეპარატისტების მძევალი გახდა, თუმცა იგი ტყვეობიდან მალევე დაიხსნეს.
მოკლე დროშივე მოვიდა ცნობა იმ გარდაცვლილი მეომრებისა, რომლებიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მკვიდრნი იყვნენ. სოფელ ძიროვნიდან ნიკოლოზ ფორჩხიძე და სოფელ ბუეთიდან ფრიდონ ბრეგაძე აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპნენ.
საქართველომ რვა წლის წინ აგვისტოს ომში დაღუპული გმირები წელს კიდევ ერთხელ გაიხსენა.
ნიკოლოზ ფორჩხიძე ერთ-ერთი იმათთაგანია იმ 17 მებრძოლთა შორის, რომელიც ომის დასრულების შემდეგ გმირულად დაეცა შინდისში მტერთან პირისპირ შეჩეხილი. ეს იმ გმირობის ცნობილი და რეალური ამბავია, თუ როგორ შეეწირნენ ჩვენი ბიჭები ჩასაფრებულ მტერს, როგორ არ შეეპუენ და იბრძოლეს ტყვია-წამლის გამოლევამდე. მათ იმ დღეს უკანასკნელი ბრძანება მიიღეს, რომ უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ. ნიკოლოზს, ისევე როგორც ყველას, შინ ჰქონდა დარეკილი რომ საღამოს სახლში იქნებოდა, თუმცა ისინი აგვისტოს ომის გმირებად იქცნენ. მათ შეეძლოთ შეტაკებამდე 2 საათით ადრე ჩასაფრებულ რუსულ ტანკებს გარიდებოდნენ, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გაბრუნებულა, მათ მტერს ხელჩართული ომი გაუმართეს.
ნიკოლოზი სენაკის ოცდამეორე ქვეითი ბატალიონის საცეცხლე მხარდაჭერის მეოთხე ასეულში მსახურობდა. მასთან ერთად იმავე ბრიგადაში მისი თანასოფლელი და მეგობარი, კობა ბრეგაძეც იბრძოდა. ბედისწერამ ისინი 11 აგვისტოს ერთმანეთს დააცილა. უკან დახევის დროს მოწინააღმდეგის აშკარა თავდასხმისას ნიკოლოზი და კობა ერთმანეთისგან გაიფანტნენ. ოჯახსა და მეგობრებს ნიკოლოზის გმირულად დაღუპვის შეტყობინება 17 აგვისტოს მოუვიდათ. 24 წლის ნიკოლოზ (ნუკრი) ფორჩხიძე წოდებით კაპრალი იყო. ახალგაზრდა მებრძოლს “მხედრული მამაცობისათვის” მედალი საქართველოს პრეზიდენტისგან გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა.
მეორე მეომარი, რომლიც აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპა 19 წლის ფრიდონ ბრეგაძე იყო. იმის მიუხედავად, რომ ის ასაკით პატარა იყო, მას გარდაცვალებამდე სერჟანტის წოდება ჰქონდა მიღებული. ფრიდონი ათი თვის განმავლობაში ერაყშიც მსახურობდა და იქ “ჩადენილი მამაცობისათვის” სიგელებთან ერთად მედლითაც დაჯილდოვდა. ფრიდონი მესამე ბრიგადაში იყო და რუსეთ-საქართველოს ომის დროს 9 აგვისტოდან ნიქოზში იბრძოდა. თუმცა თერთმეტში უკან დახევისას დაბომბვაში მოჰყვა და იქიდან ცოცხალი ვეღარ გამოვიდა.
ფრიდონის ძმა კოტე ბრეგაძე მისგან განსხვავებით რუსულ აგრესიას ცოცხალი გადაურჩა, თუმცა მტრის ტყვიას უვნებელი მაინც არ დაუტოვებია. კოტე ძმასთან ერთად პირველ ბრიგადაში ცხინვალში იბრძოდა და რუსული ავიაციის შემოსვლისას ხელში დაიჭრა. ძმის დაღუპვის ამბავი კოტემ საავადმყოფოში იმავე დღეს შეიტყო, თუმცა ფრიდონ ბრეგაძის გადმოსვენება საკუთარ სახლში საქართველოს პატრიარქის შუამდგომლობით მხოლოდ ხუთი დღის შემდეგ მოხდა.
ფრიდონ ბრეგაძეს, ისევე როგორც ნიკოლოზ ფორჩხიძეს გარდაცვალების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტისგან “მხედრული მამაცობისათვის” მედალი მიენიჭა. რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ბიჭებს ქართველი ერი კი ყოველთვის გაიხსენებს. ისინი ისტორიაში სისხლიანი აგვისტოს დაუვიწყარ გმირებად დარჩებიან.
თეონა ჯანელიძე
ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ 2010 წელს ”ტყიბულინფორმის” შემოქმედებითი ჯგუფის მიერ მომზადებული სიუჟეტი, აგვისტოს ომში დაღუპული ტყიბულელი გმირების ნიკოლოზ ფორჩხიძის და ფრიდონ ბრეგაძის შესახებ.