ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა დღეს ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. ქვეყნის მასშტაბით ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში დოკუმენტს ხელი ერთდროულად მოეწერა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული კოდექსი ქცევის რამდენიმე ძირითად ნორმას აერთიანებს, ესენია: კანონის პატივისცემა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი.
„ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით ჩვენ ვთანხმდებით რომ პატივს ვცემთ კანონს. ვიქნებით ჩვენ საქმიანობაში პროფესიონალები და ჩვენი საქმიანობა აუცილებლად იქნება მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი. დავიცავთ გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის პრინციპებს, რაც მნიშვნელოვნია საარჩევნო პროცესში. ეს არ გახლავთ სიმბოლური ხელმოწერა, ეს არის აღიარება, რწმენა და ქცევაში გათავისება ყველა ამ ღირებულების და პრინციპის, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია დღეს ხელმოწერით იზიარებს და ეთანხმება“,- აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ კოდექსზე ხელმოწერის შემდეგ.
კოდექსის თანახმად საარჩევნო კომისიების წევრები ვალდებული არიან უზრუნველყონ საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები; უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნა.
ეთიკის კოდექსი არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებისა და ამომრჩეველთა მხრიდან ნდობის ამაღლების მიზნით შემუშავდა. პირველად მსგავს დოკუმენტს 2010 წელს მოეწერა ხელი.
დღეს 12 საათზე ეთიკის კოდექსზე ხელის მოწერა N57-ე ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიაში და ოლქის ყველა საარჩევნო უბანზე განხორციელდა.
ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ეთიკის კოდექსი კომისიის თავჯდომარემ ნატო კენჭოშვილმა გააცნო,რის შემდეგაც კომისიის წევრებმა კოდექსზე ხელი ერთსულოვნად მოაწერეს.
როგორც საოლქო კომისიაში განაცხადეს, ეთიკის კოდექსზე ხელის მოწერა კომისიის წევრების მიერ დღესვე მოხდა ტყიბულის ყველა საუბნო საარჩევნო კომისიაში.