ტყიბულში საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელებს თამაზ დოლაბერიძეს, თეიმურაზ გვენეტაძეს, კახა მაჩიტიძეს, ასევე ტყიბულის მეშახტეთა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტის წევრებსა და შპს „საქნახშირი“-ს (ჯი-აი-ჯი ჯგუფი) გენერალურ დირექტორს ჯამბულ ჯაყელს შორის შეხვედრა გაიმართა.
რის შემდეგაც პროფკავშირის ხელმძღვანელობა ტყიბულის მეშახტეთა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტის წევრებთან ერთად ტყიბულელ მეშახტეებს შეხვდნენ და 2017 წლის იანვრის თვეში ტყიბულის შახტებში დაგეგმილი მასშტაბური სარემონტო სამუშაოების გამო წარმოშობილი ერთთვიანი მოცდენით გამოწვეული შედეგების შემსუქბუქების მიზნით კომპანიის ხელმძღვანელობასთან წარმოებული მოლაპარაკებების შედეგები გააცნეს.რომელსაც “ოკრიბანიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
„ მოლაპარაკებების შდეგები ასეთია:2017 წლის 1-ლი იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით შახტაზე დასაქმებულთა 60-70% გავა უფასო, ხოლო 15 იანვრიდან 31 იანვრამდე კუთვნილ ანაზღაურებად შვებულებაში. 2017 წლის 1-ლი თებერვლიდან შახტა აუცილებლად გააგრძელებს მუშაობას.
– ის დასაქმებულები, რომლებსაც გრაფიკით ისედაც 15 იანვრის შემდეგ უწევდათ შვებულებაში გასვლა, შეუძლიათ 31 იანვრის შემდეგ ბოლომდე ამოწურონ კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება.
– იმ თანამშრომლებს, რომლებსაც არ უნდათ, რომ საკუთარი კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების ნაწილი იანვრის თვეში არასაკუთარი შეხედულების მიხედვით გახარჯონ, შეუძლიათ ისარგებლონ უფასო შვებულებით მთელი იანვრის განმავლობაში.
– კომპანიის ადმინისტრაცია თანხმდება, რომ იანვრის თვეში დასაქმებულის უფასო შვებულებაში ყოფნა, არ გამოიწვევს შრომის კონტრაქტით გათვალისწინებული წლიური უფასო შვებულების დღეების ლიმიტის ამოწურვას და წლის ნებისმიერ დროს, გონივრულად დასაბუთებული განცხადების შემთხვევაში დასაქმებულს შეეძლება უფასო შვებულებაში გასვლა საჭიროების მიხედვით.
– 1-ელი თებერვლიდან, ანუ შახტის მუშაობის განახლების შემდეგ, იმ თანამშრომლებს, რომლებსაც კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება გრაფიკით მოუწევთ თებერვალში, მარტში ან აპრილში, მისი შვებულების თანხის გამოანგარიშების პროცესში გათვალისწინებული არ იქნება იანვრის თვე და მას შვებულების თანხა დაუანგარიშდება ყველაზე ჯანსაღი სამი თვიდან.
– კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოს ბანკთან იმ მიზნით, რომ მოხდეს მეშახტეთა მიერ აღებული სესხების, თებერვლის თვეში გადასახდელი პროცენტის ერთი თვით გადავადება. მოლაპარაკებების დადებითად დასრულების შემთხვევაში, კომპანია, ყველა იმ მეშახტეს, რომელსაც აღნიშნულ ბანკში გააჩნია სასესხო ვალდებულება, მისცემს საგარანტიო ცნობას. ამ ცნობებს და ინდივიდუალურ განცხადებებს მეშახტეები წარადგენენ ბანკში, რის საფუძველზეც მათ თებერვლის თვეში აღარ მოუწევთ თებერვალში სესხის შესატანის გადახდა.
– შახტაზე დასაქმებულ იმ თანამშრომლებს, რომელთა იანვრის კრიზისულ თვეში შემოსავალი აღმოჩნდება საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმზე (275 ლარი) დაბალი, კომპანია რომელიმე მეთოდით შეუვსებს ამ სხვაობას.
– იქიდან გამომდინარე, რომ მეშახტეებს ნოემბრის ხელფასი უკვე აღებული აქვთ, ახალ წლამდე კი დარჩენილია ორ კვირაზე მეტი, წინასაახალწლო დღეებში კომპანია გეგმავს იმ მეშახტეებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ, ავანსად მისცეს დეკემბრის თვის გარკვეული ნაწილი (სავარაუდოდ 30-40%).
– კომპანია გეგმავს საახალწლოდ მეშახტეებს ჩაურიცხოს საახალწლო ფულადი საჩუქარი სავარაუდოდ 20-30 ლარის ოდენობით.
მნიშვნელოვანია, რომ შპს ,,საქნახშირს“ 2017 წელს, 11 თვეში იმდენივე ნახშირის მოპოვება მოუწევს, რაც უნდა მოეპოვებინა 12 თვეში, შესაბამისად, გამომუშავებაზე მყოფ მეშახტეებს საშუალება ექნებათ იანვრის 15 დღეში იძულებითი მოცდენის გამო დაკარგული თანხა გარკვეულწილად წლის განმავლობაში ამოიღონ, ხოლო იმ თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ეძლევათ საათობრივი სარგო, კომპანიას და პროფკავშირს 2017 წლის განმავლობაში საშუალება ექნებათ იმუშაონ გარკვეულ სოციალურ ბენეფიტებზე.
ნათქვამია საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის განცხადებაში.