ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, სოფელ მუხურის მიმართულებით გზის თოვლისაგან გაწმენდითი სამუშაოების შესახებ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ
„ტყიბული – მუხურის საავტომობილო გზაზე რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად გაწმენდითი სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.
სოფლის 11 კილომეტრიან მონაკვეთზე მძლავრი თოვლწმენდი მექანიზმი მუშაობს. გაწმენდითი სამუშაოები გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. თოვლისგან გაიწმინდა მუხურის მთამდე მისასვლელი გზა, თუმცა უხვი ნალექის გამო დღეს იგივე მდგომარეობაა და კვლავ იწმინდება აღნიშნული მონაკვეთი.
შექმნილ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე გიორგი ჭიღვარია, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები: შალვა გაბრიაძე და გიორგი ლომთაძე.
რაც შეეხება ტრაქტორს, რომლის დაკარგის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ტრაქტორი ნამქერშია ჩარჩენილი და 11 კილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდამდე მისი გადაადგილება ვერ ხერხდება.
ადგილობრივები თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან შემოვლითი გზით სარგებლობენ, რომლის რეაბილიტაცია გასულ წელს განხორციელდა, სწორედ იმის გამო, რომ მუხურისთვის დამახასიათებელი რთული კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მოსახლეობას რაიონულ ცენტრებთან დაკავშირების შესაძლებლობა ჰქონოდათ.
აღსანიშნავია ისიც, რომ თოვლის საფარმა სოფელში 2 მეტრს მიაღწია, ხოლო მუხურის მთაზე 5 მეტრს გადააჭარბა“.ნათქვამია გამგეობის განცხადებაში.