გიშრის წარმოებას საქართველოში ხანგრძლივი ისტორია აქვს. როგორც ნივთიერი, ისე წერილობითი წყაროების საფუძველზე ირკვევა, რომ გიშრის წარმოება სამკაულისა და ამულეტის სახით საქართველოს მიწა-წყალზე თავს იჩენს ჩვ. ერამდე მე-16-ე საუკუნეში. ეთნოგრაფიულ ყოფას იგი ბოლო დრომდე შემორჩა, რასაც განაპირობებდა იმერეთში ძიროვანის და ოკრიბის მდიდარი საბადოების არსებობა.

გიშერი ქვანახშირის სახესხვაობაა. იგი ერთგვარი ძვირფასი შავი ქვაა, რომლისგანაც ამზადებდნენ სხვადასხვა სახის სამკაულებს. გიშრის დამუშავების ტექნოლოგია რამდენიმე საფეხურს მოიცავს. უკვე წლებია ჩვენს კუთხეში, კერძოდ კი საწირეში, გიშრის მხატვრულად დამუშავების კულტურის განვითარებას ლევან ცქიფურიშვილი თავის მეგობრებთნ ერთად ეწევა. 25 წლის იყო, როცა ამ საქმეს შეეჭიდა და უკვე პროფესიად ექცა. 22 წელია დღემდე თავდაუზოგავად და დიდი სიყვარულით არის ჩართული გიშრის წრთობისა და დამუშვების პროცესში. ამ ხნის მანძილზე თვითნასწავლმა ხელოვანმა უამრავი მოსწავლე გამოზარდა, რომლებიც უკვე ამ საქმის სპეციალისტები არიან, საკუთარი სახელოსნოები აქვთ და შეგირედებსაც ზრდიან. ჩვენ ლევანს ინტერვიუს ჩასაწერად სამხატვრო სახელოსნოში ვესტუმრეთ:

-როდის დაიწყეთ ეს საქმიანობა და რატომ გაგიჩნდათ გიშრის ნაკეთობების შექმნის იდეა?

-იმ უცხო ქვეყნების მაგალითზე, სადაც გიშრის დამუშავების კულტურა და ნაკეთობათა ხელოვნება არის განვითარებული, გამიჩნდა სურვილი და იდეა, რომ ანალოგური საქართველოშიც გამეკეთებინა. ბრიტანეთსა და ესპანეტში იმ ქალაქებში, სადაც გიშერი მოიპოვებოდა, განვითარდა გიშრის მხატვრულად დამუშავების კულტურა, რამაც შემდგომ იქ ტურიზმის განვითარებას შეუწყო ხელი.  სურვილი მქონდა, რომ ანალოგური მეც გამეკეთებინა.  იდეის განხორციელებლად 1995 წელს შევიკრიბეთ მეგობრები, მოვიძიეთ ლიტერატურა, შევქმენით სახელოსნო და დავიწყეთ საკუთარი ძალებით შესწავლა. ჩვენ დავიწყეთ ქვაზე კვეთით, რომელიც ურთულესი პროცესია. თავდაპირველად ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ მუშაობის პროცესში გამოცდილება მივიღეთ და დავიხვეწეთ. ჩვენ ავირჩიეთ ყველაზე რთული გზა და მიზნად დავისახეთ გიშრის მხატვრულად დამუშავების კულტურის განვითარება.

-დამუშავების პროცესში მხოლოდ გიშერს იყენებთ თუ სხვა მასალებსაც?

-ჩვენ ვიყენებთ ყველაფერს, რაც ჩვენს მხარეში არის ძვირფასი. ვიყენებთ სხვადასხვა ჯიშის ხეს, შესაძლოა მოტეხილი ხის ტოტიდან ულამაზესი ნამუშევარი გამოვიდეს. ასევე ვიყენებთ ვერცხლს, ოქროს, სხვადასხვა მინერალებს, ფირუზს, მარჯანს, ძვალს, ბრილიანტს.

-რამდენად რთული დასამუშავებელია გიშერი, რა ეტაპებს გადის ნამუშევარი სრლყოფილებამდე?

-გიშრის დამუშავება ორ საფეხურად იყოფა: 1. გიშრის ნედლეულის მოპოვება 2. გიშრისგან სხვადასხვა ნივთების „გამოქნა“. გიშერი არის ძალიან რთული დასამუშავებელი ქვა, მოითხოვს სიმშვიდეში მუშაობას, დამუშავებისას ზედმეტად დაწოლას და შეხებას ვერ იტანს. დამუშავებამდე ქვა აუცილებლად უნდა გაშრეს, რომელსაც რამდენიმე თვე სჭირდება. შემდეგ უნდა მოცილდეს ზედმეტი ნაწილები, დაიშკურკოს და დამუშავდეს ისე, რომ ნაკაწრები არ ჰქონდეს, თორე შესაძლოა, გაპრიალების დროს ნამშევარი გაგიფუჭდეს. ერთი ნაკეთობის გაკეთებას შესაძლოა 15 ოპერაცია დასჭირდეს, გააჩნია რას აკეთებ… ჩვენთან ქვა მუშავდება მრავალი მიმართულებით.

saiuveliro

-თქვენი ყველაზე ღირებული ნამუშევარი რომელია?

-ძვირფასია ყველა ნივთი, რაშიც ადამიანის დრო და ენერგია იდება… თუმცა მაქვს გამორჩეული ნამუშევრებიც, რომელთაგან უმეტესობა  უკვე სხვას ეკუთვნის. ძირითადად არის გიშერზე ნაკვეთი ნამუშევრები, სკულპტურები და ინკუსტრაციები, რომლებიც შეიძლება ითქვას, ქვეყნისთვის ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდეს. ჩვენ მოგვირთავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამოსელიც. ჩემს ყველა ნამუშევარს სახელებს ვარქმევ, რომელთა შორის „დავითის ვარსვლავიც“ შეიძლება ჩაივალოს ერთ-ერთ გამორჩეულ ნაკეთობად, ის ქართველებსა და ებრაელებს შორის 26 საუკუნოვანი მეგობრობის თარიღის  აღსანიშნად, სახელმწიფო ფონდმა ბენიამინ ნეთანიაჰუს მეუღლეს გადასცა საჩუქრად.

-პროფესიით ვინ ხართ?

-პროფესიით კბილის ტეხნიკი ვარ, თუმცა ერთი დღეც არ მიმუშავია ჩემი პროფილით.

-მიამბეთ იმ ორგანიზაციის შესახებ, რომელიც თქვენ დააარეთ?

-ორგანიზაციას „ქართული გიშერი“ („Georgian Jet“) დავარქვით. მიზანი კი ქართული გიშრის პოპულარიზაციაა. გვინდა აქ ჩამოსულმა ტურისტმა იცოდეს, რომ ეს ნაკეთობები ქათული გიშრისგანაა დამზადებული, კერძოდ კი ოკრიბაში მოპოვებული ქვისგან, რითაც ჩვენს კუთხეს უკეთ წარმოვაჩენთ. მზადების პროცესშია საიტიც, სადაც ინფორმაციას განვათავსებთ. ორგანიზაცია განვითარების პროცესშია და ჯერ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაგვიდგამს, მაგრამ უხალოეს პერიოდში  დავიწყებთ ჩვენი იდეების განხორციელებას. სანამ ორგანიზაიას დავაარსებდით, გვქონდა მცდელობა, საკუთარი ნაწარმი საზღვარგარეთ, სწორედ იმ ქვეყანაში გაგვეტანა, სადაც ამის კულტურაა განვითარებული. იმათთან შედარებით ჩვენ ნედლეულის ქონის უპირატესობა გვაქვს, იმათ უკვე ნედლეული აღარ აქვთ, ძველი ოსტატებიც გარდაიცვალნენ, ახალმა თაობამ კი იმდენი დრო და ენერგია აღარ დაუთო ამ საქმიანობას. ჩვენ მიმოწერის მეშვეობით ესპანეთში მოვიძიეთ გიშერზე მომუშავე ასოციაცია, რომლეთანაც გარკვეული პერიოდით ვთანამშრომლობდით. გავაგზავნეთ ნიმუშები, რის შემდეგაც ნაკეთობებიც  გაიყიდა სალონებში. ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელსაც შესაძლოა შემდგომში უფრო სერიოზული ნაბიჯები მოჰყვეს. რამდენიმე დღეში კიდევ ერთ სასიკეთო საქმეს დავიწყებ, ჩემს სახელოსნოში მალე ორი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი დასაქმდება, რომლებსაც ამ საქმეს შევასწავლით და სხვადასხვა პროფილით ვამუშავებთ.

-თქვენთვის ეს საქმიანობა სიამოვნებაა თუ ოჯახის რჩენის წყარო?

-ჩემთვის ეს საქმიანობა სიამოვნებაა, რადგან ვთვლი, რომ კარგ საქმეს ვაკეთებ ჩვენი მხარისთვის.  მე რომ აღარ ვიყო და გავქრე, უკვე იმ დონეზეა ეს საქმე წინ წასული, რომ მონდომების შემთხვევაში განვითარება უფრო მარტივია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი საქმიანობით ბევრ ტურისტს მოვიზიდავ ოკრიბაში.

თეონა ჯანელიძე

გაზეთი „მეშახტის მაცნე“