„ ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის“TDDF ინფორმაციით, თბილისში 14 მარტს „სასტუმრო თბილისი“ მერიოტში მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში PIN-ის“ სოციალური პროექტის ფარგლებში მომზადებული „სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ საჭიროებათა კვლევის“ პრეზენტაცია.
ღონისძიება გახსნა ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში PIN“-ის მისიის დირექტორმა საქართველოსა და სომხეთში ლორიან გონმა. პრეზენტაციას PIN-ის პროექტების მენეჯერი ნანა ყურაშვილი უძღვებოდა. მოწვეულ სოციალური სფეროს ექსპერტებს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ქონდათ მოესმინათ PIN-ის პროექტის ფარგლებში, 2016 წლის მაისი-ივლისის პერიოდში, საქართველოს სამოქალაქო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ ექსპერტული კვლევის ანალიზი, ასევე ემსჯელათ სოციალურ სფეროში არსებულ მიმდინარე გამოწვევებსა და დევნილთა პრობლემებზე.
პრეზენტაციას ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე და PIN-ის პროექტის ფასილიტატორი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის დირექტორი ზაზა გოჩელაშვილი.