საქართველოს პარლამენტის წევრი ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად საქმიანი ვიზიტით ტყიბულში იმყოფებოდნენ.
ისინი შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან ერთად მოინახულეს მუნიციპალიტეტის ტურისტული ადგილები და დაათვალიერს ის ობიექტები რომლის რეაბილიტაციაც მომავალში იგეგმება.
სამთავრობო დელაგაციის სტუმრობის შესახებ ინფრომაცია „ოკრიბანიუს“ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროდან მიაწოდეს,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„თერჯოლისა და ტყიბულის 50-ე გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარ ელგუჯა გოცირიძესთან ერთად 30 მარტს ტყიბულში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ამავე სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მინდია ღლონტი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე დავით ტაბიძე.
პირველ ეტაპზე, სამთავრობო დელეგაციამ ვერტმფრენით მოინახულა „ცხრაჯვრის“ სალოცავი, რის შემდეგაც ისინი ადგილზე გაეცვნენ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის პრობლემებს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ დაათვალიერა ის ტერიტორია, რომელზეც ჩირის ქარხნის მშენებლობა იგეგმება. მინისტრი ასევე დაინტერესდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალით, კერძოდ, ტყიბულის წყალსაცავითა და სოფელ ცუცხვათის მღვიმით.
მინისტრმა გამოთქვა სურვილი, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც დეტალურად შეისწავლის მუნიციპალიტეტის ტურისტულ შესაძლებლობებს. მისივე თქმით, შეიქმნება ინფრასტრუქტურული პროექტები, შემდეგ კი დაიწყება მათი ეტაპობრივი განხორციელება: „ყველგან, სადაც შესაძლებლობა გვაქვს, ვგეგმავთ ტურისტული ინფრასტურქტურის განვითარებას, მათ შორის – ტყიბულში. აქ ძალიან საინტერესო ადგილებია, მაგალითად, „ცხრაჯვარი“, რომელზეც მუშაობას დაიწყებს საპროექტო ჯგუფი და შეიქმნება ობიექტამდე მისასვლელი გზისა და საბაგიროს პროექტი, ამავდროულად , გათვალისწინბული იქნება ტყიბულის წყალსაცავი და ცუცხვათის მღვიმე. აუცილებელია, შევქმნათ ტურისტული ადგილები, რომლებიც მიმზიდველი გახდება კერძო ინვესტორებისთვის, უნდა განახლდეს სასტუმროც. მაქსიმალურად ჩავერთვებით მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და თეატრის რეაბილიტაციის პროცესში. თეატრის რეკონსტრუქცია განხორციელდება ეტაპობრივად, თავდაპირველად ზედა სართულები იქნება განახლებული.
თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი მზადაა უახლეს მომავალში პირადად ჩაერთოს სტრატეგიის შემუშავების პროცესში, რათა მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს პორექტების განხორციელება. მისი თქმით , სახელმწიფოს მიდგომა არის სწრაფად დაიწყოს განვითარება და თითოეული პროექტი იყოს სარგებლის მომატანი. ამგვარად, სამუშაო ჯგუფი შეისწავლის ყველაფერს საფუძვლიანად და ძირფესვიანად, ამის შედეგად, განისაზღვრება საჭირო იქნება ძველი ნაგებობების რეაბილიტაცია, თუ ახლის აშენება: „რაღაც უნდა დავიწყოთ, ჩემი სურვლია, ტყიბულმა მაქსიმალურად სწრაფად დაიბრუნოს სიცოცხლე, ქალაქში უფრო მეტი მომღიმარი ადამიანი იყოს“ ნათქვამია განცხადებაში.