“გავიცნოთ ჩვენი რეგიონი და გამოვადგეთ მას” – ამ სახელწოდებით განახორციელა მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლემ გვანცა გვენცაძემ საკუთარი პროექტი.
მისი პრეზენტაცია კი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ლიტერატურულ სალონში რამდენიმე დღის წინ მოეწყო.
პროექტის მიზანი საზოგადოებისათვის ოკრიბის მხარისა და მისი ღირსშესანიშნაობების გაცნობა იყო, რომლის ფარგლებში საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის რამდენიმე ექსკურსია მოეწყო.
მათ მიერ დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტები და ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი ფოტოზე იქნა აღბეჭდილი. პრეზენტაციის დღესვე მოეწყო აგრეთვე ფოტოგამოფენაც. პროექტი “ახალგაზრდულმა ბანკმა” 800 ლარით დააფინანსა.
პრეზენტაციას ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და “ახალგაზრდული ბანკის” წარმომადგენლები დაესწრნენ. გვანცას იდეის გასაცნობად მივიდნენ ამ დღეს ასევე მისი პედაგოგები და თანატოლები.
პროექტში სულ ოცდახუთამდე ბავშვი ჩაერთო, რომელთა შორის სოფლების საჯარო სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ. პროექტს კოორდინირება და გარკვეული თეორიული დახმარება თენგიზ გაგოშიძემ გაუწია.
პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჩვენი კუთხის სულ ხუთი ღირსშესანიშნავი და ისტორიული ძეგლი დაათვალიერეს.
თეონა ჯანელიძე