მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) სკოლის (14-16 წლის) მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) არის ყოფილი საბჭოთა კავშირის 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამა, რომელიც სრულად ფინანსდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. FLEX პროგრამის უპირველესი მიზანია, ამ ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის გააღრმავოს ურთიერთგაგება, რაც საშულებას აძლევს ახალგაზრდებს დააკვირდნენ და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეისწავლონ აშშ–ს მთავრობის სისტემა, ამერიკული ცხოვრების სტილი, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და სხვა.
პროგრამას სრულად აფინანსებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო. FLEX და სხვა გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის გზით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ხელს უწყობს შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვა ხალხებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას.
უკვე ოცდამესამე წლიწადია რაც FLEX-ის გაცვლითმა პროგრამა დაფინანსება გაუწია 23, 000 საშუალო სკოლის მოსწავლეებს. 2016-2017 წელს 800 სტუდენტი ჩაირიცხა ამერიკაში FLEX-ის პროგრამის ფარგლებში და მათ შორის 80 ადგილი ქართველი მონაწილეთათვის იქნა გამოყოფილი
მომავალ ლიდერთა FLEX-ის გაცვლით პროგრამის კონკურსში ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს ტყიბულელი მოსწავლეები და არიან პროგრამის გამარჯვებულები, რომლებიც მეთორმეტე კლასში სწავლას ამერიკულ სკოლებში აგრძელებენ.
FLEX-ის პროგრამის წლევანელი გამარჯვებული ტყიბულიდან N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ზურა მიქიაშვილია,რომელიც მომავალ სასწავლო წელს ამერიკაში ისწავლის.
ზურა სკოლის წარმატებული მოსწავლეა და ასევე იყო „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის“ TDDF-ის ახალგაზრდული საბჭოს წევრი.
ზურას სურვილი იყო FLEX-ელი გამხდარიყო და ამერიკაში ესწავლა. მან მიიღო მონაწილეობა კონკურსში სადაც გამარჯვება მოიპოვა.
ზურა მიქიაშვილი ტყიბულიდან წელს პროგრამის ერთადერთი გამარჯვებულია რომელიც სასწავლებლად ამერიკაში მიემგზავრება.
ამერიკაში გამგზავრებამდე მიქიაშვილი „ოკრიბანიუს“ მისთვის ფლექსელობის მნიშვნელობაზე,ამერიკელი მასპინძელი ოჯახის და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა:-
„ამერიკაში სასწავლებლად 1 აგვისტოს მივემგზავრები , ოკლაჰომას შტატში- ქალაქ ბეავერში სადაც ამერიკული ახალგაზრდა ოჯახი მელოდება – დედა, მამა, 8 და 9 წლის დები , 4 წლის ძმა. ვფიქრობ ძალიან გამიმართლა ,რომ ასეთ ოჯახში მოვხვდი , ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან .მიხარია რომ მათთან ვიცხოვრებ ერთი წლის მანძილზე.
რაც შეეხება ფლექსში ჩემს გამარჯვებას ეს არ ნიშნავს მხოლოდ ამერიკაში წასვლას , ამ ნაბიჯით მე ვხდები ახალი ოჯახის წევრი , ოჯახის სადაც თავს ძალიან კომფორტულად ვიგრძნობ. სწორედ ამას ნიშნავს ჩემთვის ფლექსელობა , ვარ დიდი ოჯახის წევრი , სადაც შემიძლია ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენო. როდესაც გავიგე რომ ფლექსში გავიმარჯვე ისეთი გრძნობა დამეუფლა , რომლის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.
ამერიკაში 1 წელი ვისწავლი და ვიცხოვრებ , ვფიქრობ ბევრ რამეს ვისწავლი ამ ერთი წლის განმავლობაში , გავიღრმავებ ცოდნას ამერიკელი ხალხის, კულტურის შესახებ , შევიძენ ახალ უნარებს , რომლებიც დამეხმარება საქართველოში წარმატების მისაღწევად.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვაპირებ ჩემი ამერიკაში მიღებული ცოდნა გავუზიარო ჩემს თანატოლებს , საზოგადოებას და იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო ჩემს მომავალ პროფესიაში, რომელიც ჯერჯერობით არჩეული არ მაქვს.
მინდა ვთქვა რომ,ჩემს წარმატებაში უდიდესი წვლილი ჩემს ოჯახს მიუძღვის , მათ დიდი შრომა გაწიეს იმისთვის, რომ მე წარმატებული ვყოფილიყავი.
ასევე დიდი მადლობა ჩემს 1 საჯარო სკოლას , ყველა მასწავლებელს, რომლებიც მთელი 11 წლის განმავლობაში გვერდში მედგნენ და მგულშემატკივრობდნენ , სწორედ მათ მასწავლეს , რომ უნდა ვიყო შრომისმოყვარე და მიზანდასახული. მათ მინდა ვუთხრა,რომ ისინი არიან საუკეთესოები , თავიანთი საქმის უბადლო მცოდნეები.
მადლობა ჩემს მეგობრებს ,რომლებიც მთელი ამ პროგრამის განმავლობაში მგულშემატკივრობდნენ , მე ყველას ძალიან გაფასებთ.
და ბოლოს მინდა მოვუწოდო ყველა მოსწავლეს , შეუძლებელი არაფერია , მთავარია მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა, თუ თქვენ ამ ორ თვისებას გამოიყენებთ , აუცილებლად გამოცდით იმ გრძნობას , რომელიც ფლექსში გამარჯვებას ნიშნავს“