საქართველოში გიორგობის დღესასწაულს უკვე წლებია წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ. 23 ნოემბერს წმინდანის ბორბალზე წამების დღე აღინიშნება, რომელიც გადმოცემით წმინდა ნინოს დაუდგენია დღესასწაულად, ხოლო 6 მაისს კი ქართველი მართლმადიდებლები წმინდა გიორგის წმინდანად შერაცხვის დღეს ზეიმობენ.ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში ღვთისმსახურება აღევლინება. 6 მაისს საზეიმო წირვა-ლოცვა ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაშიც ჩატარდა. ღვთისმსახურება აქ მამა გაბრიელმა აღავლინა.
დიდმოწამე საქართველოს განსაკუთრებული მფარველია, ამიტომ იგი სამართლიანად ითვლება ყველა ქართველი ქრისტიანის მეოხად. ბევრ ევროპულ ქეყანაში საქართველოს წმინდა გიორგის სახელის მიხედვით “გეორგიას” ეძახიან. ჩვენთან კი ეკლესიების უმეტესი ნაწილი კი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში წმინდანის სახელზეა აგებული.
წმინდა გიორგის სახელზე იმერეთშიც უამრავი სალოცავია აშენებული. 6 მაისს დიდმოწამის დღესასწაულზე გოგნის სალოცავზე ყოველწლიურად ბევრი ადამიანი მიდის. ისინი საკუთარი აღთქმის შესასრულებლად ფეხით რამდენიმე კილომეტრს გადიან. ტრადიცია არც წელს დაირღვა. სასიარულოდ არც თუ ისე სახარბიელო გზის მიუხედავად, მლოცველები გოგნის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავზე მაინც ავიდნენ, განწყობაც საზეიმო იყო.
ამ დღეს პატარა ტაძარში სალოცავად საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოდიან. შეთქმული ცხვრისა და ფრთოსანის შესაწირად ამინდის განურჩევლად მაინც მოდიან და სანთლებს ანთებენ. გოგნის წმინდა გიორგის სალოცავზე მლოცველთა რიცხვი გასული წლების მსგავსად წელსაც ბევრი იყო, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც ამ წმინდა ადგილზე პირველად იყვნენ.
დღესასწაულზე მიმავალთ ამ დღეს შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული ხელნაკეთი ხატები, ჯვრები და ფსალმუნები შეეძინათ. გზის თითქმის მთელ პერიმეტრზე საეკლესიო ნამუშევრები იყო გამოფენილი. ყველაზე მეტი რაოდენობით დღესასწაულზე წმინდა გიორგის ხატი გაიყიდა.
თეონა ჯანელიძე