ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში PIN“-ის პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ფარგლებში, მიმდინარე, 2017 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი (TDDF)“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოციალური ბიუჯეტის მონიტორინგს ახორციელებს.
მონიტორინგის მიზანია მუნიციპალიტეტის სოციალური ბიუჯეტის ეფექტური დაგეგმარებისა და სერვისების ეფექტურობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
მონიტორინგის პროცესი რამოდენიმე თვეა წარმატებით მიმდინარეობს და დღემდე გარკვეული სამუშაოები შესრულდა: შესწავლილი იქნა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის საქმიანობა 2016 და 2017 წლის პირველ ნახევარში, ასევე მუნიციპალიტეტის საქმიანობა სოციალური პაკეტის დაგეგმარებისა და მასში PIN-ის სოციალური პროექტის ფარგლებში 2016 წელს მომზადებული სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებათა კვლევის, 2017 წლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ასახვის კუთხით. ასევე, შესწავლილი იქნა მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული სოციალური დახმარების გაცემის წესი, მომზადდა მისი ანალიზი და რეკომენდაცია სოციალური დახმარების გაცემის წესის სახესთან დაკავშირებით. მონიტორინგის პროცესში შესწავლილი იქნა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ მომზადებული 2018 წლის მუნიციპალური ბიუჯეტის სოციალური ნაწილის პრიორიტეტების დოკუმენტი.
პროცესის მიმდინარეობის ფარგლებში გამოკვეთილი მთელი რიგი დადებითი მომენტებისა და მნიშვნელოვანი ხარვეზების საფუძველზე ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა მოამზადეს წერილობითი ანგარიში, რომელიც წარდგენილი იქნება ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურებისა და PIN-ის პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული მრჩეველთა საბჭოსათვის. აღნიშნულის მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების და ადგილობრივი სოციალური სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების თანამშრომლობის გაძლიერებას და ერთობლივი მუშაობით სოციალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას ტყიბულის მუნიციპალიტეტში. მრჩეველთა საბჭოს საქმიანობა ღიაა და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა წვლილი შეიტანოს საკუთარი მუნიციპალიტეტის სოციალური პოლიტიკის განვითარებაში.
აღსანიშნავია, რომ პროექტმა უკვე მოიტანა პრაქტიკული შედეგები: ტყიბულის მუნიციპალიტეტში PIN-ისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი დაფინანსებით, რამოდენიმე თვეა წარმატებით მიმდინარეობს 4 სოციალური პროექტი. ისინი მიმართულია ხანდაზმულთა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებისა და ახალგაზრდების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. მათი განხორციელების შედეგად ამ მოწყვლადი ჯგუფებისათვის ახალი სერვისების დანერგვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ყოფას.
ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში PIN“-ის პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან ევროკავშირი და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.