ბოლო წლებთან შედარებით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის ტყიბულში მაჟორიტარული და პროპორციული სიების მიხედვით, ქალთა ჩართულობის მატება შეიმჩნევა.

2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედეგად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტიული სიით 2 ქალი დეპუტატია, ერთი „ქართული ოცნებიდან“, ერთი კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი არსამეწარმეო(ააიპ) ორგანიზაციების ხელმძღვანელი უმეტესად ქალია. მათი უმრავლესობა წინასარჩევნო კამპანიაში აქტიური მუშაობის შედეგად, დაინიშნენ თანამდებობებზე.

გასულ წლებთან შედარებით, 2017 წლის ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში მაჟორიტარულ და პროპორციულ საარჩევნო სიებში ქალთა რაოდენობა შედარებით მეტია. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატებს, მდგომარეობა იგივეა, მხოლოდ მამაკაცები არიან რეგისტრირებული მერობის კანდიდატებად.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში სულ 12 მაჟორიტარული ოლქია, სადაც 9 პოლიტიკური პარტიის 55 მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატია დარეგისტრირებული. მათგან ოთხ პოლიტიკურ პარტიას ყავს 9 მაჟორიტარობის კანდიდატი ქალი ექვს საარჩევნო ოლქში.

მაჟორიტარული სიის მიხედვით, ყველზე მეტი, 5 მაჟორიტარობის კანდიდატი ქალი ყავს საარჩევნო ბლოკ „გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალ საქართველოს“. 2 ქალი კანდიდატი საარჩევნო ბლოკ “ბაქრაძე, უგულავა -ევროპულ საქართველოს“ , 1 ქალი კანდიდატი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და ერთი ქალი კანდიდატი ყავს „ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოს“.

ტყიბულის საარჩევნო ოლქში დარეგისტრირებული 9 პოლიტიკური პარტიიდან, მხოლოდ ხუთ პარტიას ჰყავს ქალი კანდიდატი პარტიული სიის ხუთეულში- ესენი არიან: „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“ – 2 ქალი კანდიდატი, საარჩევნო ბლოკი “ბაქრაძე, უგულავა -ევროპული საქართველო“ 1 ,“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ -1, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- 1, საარჩევნო ბლოკი “გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალი საქართველო“ -1.

ადგილობრივი მოსახლეობა მიესალმება არჩევნებში ქალების მონაწილეობას, თუმც ამბობებენ რომ მათ შესახებ ინფორმაცია არა აქვთ – „კარგია რომ არჩევნებში ქალები აქტიურად იღებენ მონაწილეობას და მივესალმებით ამას, მაგრამ მათ შესახებ არაფერი ვიცით, კარგი იქნება, თუ მეტად გააქტიურდებიან – გვითხრა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა.

წინასაარჩევნოდ უფრო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქალები გამოირჩევიან აქტიურობით, კარდაკარ და უბნებზე მოსახლეობასთან შეხვედრებით ცდილობენ ამომრჩევლებს გააცნონ საკუთარი თავი და საარჩევნო პროგრამა, თუმცა არიან ისეთი კანდიდატებიც, რომელთა შესახებაც მოსახლეობას საერთოდ არა აქვს ინფორმაცია.

ტყიბულში გამგებლობის და მერობის ქალი კანდიდატი ბოლო 20 წლის მანძილზე არასდროს ყოფილა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კარგი იქნება მომავალში მაინც თუ იქნება ქალი მერობის კანდიდატი, იქნებ შემდეგ გახდეს კიდეც მოსახლეობის რჩეული „მუნიციპალიტეტის ქალი მერი“.

ტყიბულში არასდროს არ ყოფილა „ქალი საკრებულოს თავჯდომარე“, თუმცა საკრებულოს წევრი ქალები ყოველთვის იყვნენ. წლევანდელ არჩევნებში შესაძლებელია, როგორც მაჟორიტარი, ასევე პროპორციული სიებიდან მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, რამდენიმე ქალი გახდეს და შესაბამისად, ისინი იქნებიან პოტენციური საკრებულოს თავჯდომარეობის კანდიდატები.

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ კარგი იქნება, თუ დაიმსხვრევა სტერეოტიპი, რომ აუცილებლად კაცი უნდა იყოს გამგებელი და საკრებულოს თავჯდომარე, მიესალმებიან სიახლეს მუნიციპალიტეტში „ქალი საკრებულოს თავჯდომარედ“.

არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა, რამდენი ქალბატონი გახდება საკრებულოს წევრი ამომრჩევლის ნებაზეა დამოკიდებული, გააკეთებენ თუ არა ადგილობრივები არჩევანს ქალ დეპუტატობის კანდიდატებზე.

ქალების საკრებულოს დეპუტატად გახდომის შემდეგ, მათ შესაძლებლობა ექნებათ გახდნენ საკრებულოს თავჯდომარე, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იქნება ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის ისტორიაში.

გიორგი სულაძე
„ოკრიბანიუსი“

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.