8 ნოემბერს ტყიბულში მეშახტეთა ქალაქის სიმბოლოდ აღმართული მემორიალის გახსნის ღონისძიება გაიმართა. მეშახტეთა შრომის დიდების მემორიალი ქვანახშირის მრეწველობის დარგში მოღვაწე და გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად ქალაქის შემოსასვლელში დაიდგა.
ინფრასტრუქტურული ობიექტი ექვსი მეტრის სიმაღლისაა, რომელიც სამკუთხოვანი კვარცხლბეგისა და მასზე აღმართული მეშახტის სანათის, ლამპიონისაგან შედგება. კვარცხლბეგი დატვირთული იქნა მეშახტის პროფესიასთან დაკავშირებული სიმბოლოებით.
მეშახტეთა მემორიალის ესკიზი ტყიბულის მკვიდრმა, მხატვარ-მოქანდაკემ ამირან ხონელიძემ შექმნა, ასევე მის შექმნაში გარკვეული წვლილი შეიტანა ტყიბულის სამხატვრო სკოლის დირექტორმა მირზა ჭელიშვილმა, ხოლო აღნიშნული პროექტის ავტორი ამირან ქოჩიაშვილია. მშენებლობის იდეა კი მუნიციპალიტეტის გამგებელს, რობიზონ გვენეტაძეს ეკუთვნის.
მეშახტეთა შრომის დიდების მემორიალი იმერეთის მხარის ვიცე-გუბერნატორმა, იოსებ ხახალეიშვილმა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ და საქნახშირის გენერალურმა დირექტორმა, ჯამბულ ჯაყელმა გახსნეს. მათ იქ დამსწრეთ სიტყვით მიმართეს და მეშახტის რთული პროფესიის შესახებ ისაუბრეს. საპატიო სტუმრებს შორის ამ დღეს ტყიბულში იმყოფებოდა ვეტერანი მეშახტე დომბასიდან სოსო ქიმუცაძე.
ღონისძიების ორგანიზატორი ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური იყო. მასში სიმბოლური მონაწილეობა მიიღეს ასევე ტყიბულის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა. ღონისძიება ტყიბულის ჰიმნის ფონზე დასრლდა.
თეონა ჯანელიძე